თალიკო ღვინჯილია ვალმოხდილი წავიდა


სკოლა და მასწავლებლობა არ ყოფილა ჩემი ბავშვობის ოცნება. 24 წლის ასაკში ფორტუნამ სკოლაში შემიყვანა და თითქმის 40 წელი მიმაჯაჭვა ამ ჯადოსნურ ადგილს. ადაპტაციის პერიოდი ლამის მოზარდის განცდებით გავიარე, მაგრამ სკოლის საზოგადოებამ თბილად
მიმიღო და ეს “სახადიც” ღირსეულად მოვიხადე.

პედაგოგიური კოლექტივი ასაკობრივი თვალსაზრისით ჭრელი იყო. ჩემი თაობის მასწავლებლებმა სტუდენტური ცხოვრება გამიხანგრძლივეს… უფრო ვაფასებდი და დღემდე ვაფასებ უფროსი თაობის პედაგოგების მზრუნველობას ჩემზე და საოცარ მეგობრობას უმცროს კოლეგებთან. მე მათ არ ჩამოვთვლი, რადგან იმიერშია უმრავლესობის სული დაისინი იქ, როგორც მართალნი განისვენებენ! მათ შორის, ჩემს მეხსიერებას სხვა ხარისხით შემორჩა გერმანული ენის მასწავლებელი თალიკო ღვინჯილია – ყველასი დედა და ბებია, ტკბილმოუბარი, ლამაზი ტან-ფეხის და შევერცხლილი თმების ქალბატონი, რომელმაც საგანთან ერთად ბევრ სიკეთეს აზიარა თაობები…
დედაჩემის სეხნია იყო, დედასავით მიწევდა მეგზურობას მასწავლებელს და სკოლის დირექტორს, სათქმელს სიყვარულით იტყოდა და იქ დაამთავრებდა… გაუჭირდა სკოლიდან წასვლა, მაგრამ ღირსებაც არ აკლდა და წავიდა ვალმოხდილი. დარჩენილი სიცოცხლე შვილების, შვილიშვილების,შვილთაშვილების ფერებაში გალია.
დღემდე ვიხსენებთ განათლების მინისტრის სტუმრობას სკოლაში და თალიკო მასწავლებლის “ფეირვერკებს” გაკვეთილზე, მის ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას და საუბრის სტილს. აღფროვანებულნი აღნიშნავდნენ გერმანელი სტუმრები თალიკო მასწავლებლის “ზღვარგადასულ” სტუმართმოყვარეობას და მზრუნველობას… ასწავლიდა პატარებს და გვასწავლიდა დიდებს, უყვარდა ყველა და უყვარს დღემდე ყველას!
ვალში ვარ თალიკო მასწავლებელთან! როცა ფიზიკური ცხოვრების ბოლო დღეები ჰქონდა და ლოგინს მიეჯაჭვა (რაც მას აძაბუნებდა და სიკვდილთან აახლოებდა), ოჯახის წევრები, თურმე, დილით შეუძახებდნენ: დღეს დაწოლა არც იფიქრო, შენი მანანა გესტუმრებაო. თალიკო მასწავლებელიც მისებურად მოწესრიგებული, კარის ზღურბლზე ჩაიდგამდა სკამს და მოთმინებით ელოდა სასურველი სტუმრის გამოჩენას. ვინ იცის, საქმეში ჩაძირულმა, რამდენჯერ გავუცრუე იმედი! მჯერა, მისი კეთილშობილი გული წყენას არ გაიკარებდა, მას მხოლოდ სიყვარული, თანაგრძნობა და მოფერება შეეძლო…

შეხვედრამდე, ლამაზო ადამიანო! მადლობა, რომ ასეთი კალიგრაფიით წერდი შენი საყვარელი სკოლის ისტორიას… 

სიყვარულით მანანა მებონია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!