- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უკვე 15 სადგური ფუნქციონირებს, მათ შორის, 13 ავტომატური და 2 მობილური.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ზუგდიდის ავტომატური სადგური დაემატა.
ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა, საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნა ლიბერგთან ერთად გახსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებასა და ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.