- “ზუგდიდდასუფთავება” მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ხმელი ფოთლების, ბაღისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვისგან. უწყების განმარტებით, აღნიშნული ქმედება მნიშვნელოვნად აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.
“ზუგდიდდასუფთავებაში” განმარტავენ, რომ ნარჩენების განადგურების ნაცვლად, მოსახლეობას შეუძლია ეფექტური ალტერნატივით – კომპოსტირებით ისარგებლოს. ხმელი ფოთლების მცირე ზომის ორმოში ან სპეციალურ მოწყობილობაში მოთავსების შედეგად წარმოიქმნება ნეშომპალა, რომელიც საუკეთესო ორგანული სასუქია სასოფლო-სამეურნეო სავარგლებისთვის.
სამსახური მოსახლეობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზეც ახსენებს. ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
„ერთად ვიზრუნოთ სუფთა და ჯანსაღ გარემოზე!“ – აცხადებენ “ზუგდიდდასუფთავებაში”.
