- ზუგდიდში ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიება „ზუგდიდი მოლში“ კამერულმა ორკესტრმა “ამადეუსი” საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნით გახსნა.
წარმოდგენილი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების გამოფენა-პერფომანსი ნიკო ფიროსმანი, სადაც ფიროსმანის ნახატები ახალგაზრდა მსახიობებმა გააცოცხლეს.
გაიმართა ხელოვან ელენე ფიფიას ნამუშევრების გამოფენა, მოეწყო სამეწარმეო ხეივანი, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია გამოიფინა. ამავე სივრცეში მოეწყო სტარტაპებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა, ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა კი მცენარეებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გამართა.
მოეწყო თექის და კულინარიული მასტერკლასები. დარგის სპეციალისტებთან ერთად მასტერკლასებში მონაწილეობა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის თანამდებობის პირებმა მიიღეს.
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა სალონური საუბრები “საქართველოს გზა ევროპისკენ”, გაიმართა ვიქტორინა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ევროპის დღე, ზუგდიდის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით გაიმართა.