ზუგდიდის დრამატული თეატრის ისტორიული ასპექტები


  • ხელოვნება – ეს არის უხილავი ძაფი, რომელიც საუკუნეებს, ხალხებსა და ადამიანთა სულებს ერთმანეთთან აკავშირებს. ხელოვნება ეხმიანება ადამიანის შინაგან სამყაროს, ასახავს სიხარულსა და ტკივილს, რწმენასა და იმედს, ქმნის იმ პარალელურ სამყაროს, სადაც ზუსტი საზღვრები ქრება და მხოლოდ შინაგანი ხმით შეიძლება მოძებნო გზა. მისი ძალა იმაშია, რომ ის სამყაროს სილამაზესა და ტრაგიზმს ერთდროულად გვაზიარებს და გვაჩვენებს, რომ არსებობის ჭეშმარიტება ხშირად სწორედ ამ წინააღმდეგობებშია ჩაბუდებული.

ხელოვნების ყველა დარგი უნიკალურია, თუმცა თეატრი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ეს არის ცოცხალი ხელოვნება, სადაც ყოველი სპექტაკლი ერთჯერადი ჩასუნთქვაა, ცოცხალი, დაუნდობელი, მაგრამ სწორედ ამიტომ შეუცვლელი. თეატრი არის სივრცე, სადაც სცენაზე მყოფი მსახიობი და მაყურებელი უხილავ ემოციურ სარკმელში ერთიანდებიან.

თეატრს სხვა დარგებისგან განასხვავებს მისი ცოცხალი ბუნება: აქ და ახლა, იქმნება მაგია, რომელშიც სიტყვა, სხეული, მზერა და დუმილიც კი მონაწილეობს. თეატრი არ არის მხოლოდ ამბავი; ეს არის ემოციების პირდაპირი გაცვლა. მსახიობი სცენაზე საკუთარი არსებით იქცევა პერსონაჟად, ხოლო მაყურებელი – არა პასიურ დამკვირვებლად, არამედ ისტორიის ცოცხალ თანამონაწილედ.

საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაში თეატრს ძველი დროიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უკვე მეხუთე საუკუნეში არსებობდა რიტუალური თამაშები და სანახაობრივი წარმოდგენები, რომლებიც თეატრალური ხელოვნების საწყის ფორმებად მიიჩნევა.

განსაკუთრებული განვითარება თეატრმა შუა საუკუნეებიდან დაიწყო, ხოლო პროფესიული ქართული თეატრი XIX საუკუნეში – გიორგი ერისთავის ძალისხმევით – თბილისში დაფუძნდა. შემდგომ წლებში ქართულმა სცენამ აღზარდა ისეთი სახელები, როგორებიც იყვნენ კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი, რომლებმაც ახალი მხატვრული ენა და ფორმები შემოიტანეს.

ქართული თეატრი ყოველთვის საზოგადოებრივ პროცესებთან მჭიდრო კავშირში ვითარდებოდა, თუმცა მისი განსაკუთრებულობა რეგიონულ თეატრებშიც გამოიკვეთა – იქ, სადაც ხელოვნება არა მხოლოდ სანახაობა, არამედ კულტურული იდენტობის შენარჩუნების საშუალება გახდა.

ზუსტად ამგვარი მნიშვნელობა აქვს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრსაც – ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კერას დასავლეთ საქართველოში, რომელიც მრავალწლიან ისტორიას, მხატვრულ ტრადიციებსა და საზოგადოებრივ ფუნქციას აერთიანებს. ზუგდიდში პირველი თეატრალური წარმოდგენა 1869 წელს შედგა, რაც იმდროინდელი კულტურული წინსვლის მნიშვნელოვანი ნიშნული იყო. ზუგდიდისთვის თეატრი ყოველთვის იყო მეტისმეტად მნიშვნელოვანი სივრცე-არა მხოლოდ ხელოვნების კერა, არამედ ემოციური და საზოგადოებრივი შეკრების ადგილი. იგი აერთიანებდა სხვადასხვა თაობის, პროფესიისა და შეხედულების ადამიანებს ერთი მიზნისთვის: ერთად განეცადათ სიცოცხლის სიღრმე სცენიდან. თეატრი ქალაქში სიცოცხლის პულსს აჩქარებდა-ხან მწვავე სოციალური დრამებით, ხან იუმორითა და ლირიკით. მაყურებლისთვის თეატრი ხშირად იქცეოდა თავშესაფრად ყოველდღიურობისაგან, იმ ადგილად, სადაც შეგიძლია სიჩუმეში გაიგონო შენი შინაგანი ხმა. პირადად ჩემთვის თეატრის დარბაზი სივრცეა, სადაც დრო ჩერდება და ცხოვრება მთლიანად ემოციად იქცევა. ეს ის იშვიათი ადგილია, სადაც ადამიანები ერთდროულად ფიქრობენ, გრძნობენ და ცვლიან საკუთარ წარმოდგენებს სამყაროზე. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი მრავალი წელია, გამორჩეული მსახიობებითა და შემოქმედთა ძალისხმევით ამდიდრებს საქართველოს თეატრალურ კულტურას. გოგი გუგუჩია, თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი და ამავდროულად ჩემი სკოლის კურსდამთავრებული, ცნობილია თავისი მრავალფეროვანი როლებითა და სცენური ოსტატობით. მისი შესრულება სპექტაკლში „ჰაკი“ განსაკუთრებული აღიარებით სარგებლობს, სადაც მან მთავარი გმირის, ჰაკი აძბას როლი შეასრულა. გოგი გუგუჩიას მიერ შექმნილი პერსონაჟი აფხაზი გლეხის სიღრმისეულ და ემოციურ სახეს ასახავს, რაც მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ბატონმა გოგიმ მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონისთვის თეატრი გახდა ერთგვარი სარკე, რომელშიც ადგილობრივი საზოგადოება დასაწყისიდანვე ხედავდა საკუთარ ცხოვრებას, ტკივილებს, სიხარულსა და იმედებს. მან ასევე ახსენა, რომ ზუგდიდის დრამატული თეატრი ასაკით მეორეა საქართველოს თეატრებს შორის. ”თეატრიდან გამოსული ადამიანი არ შეიძლება ცუდი იყოს, არ შეიძლება მან რაიმე გადაწყვეტილება არასწორად მიიღოს. წარმოდგენის შემდეგ სანაცნობო, სამეგობრო წრეებში იმართება მსჯელობები და სწორედ იქ იბადება სწორი და არასწორი, იქ იბადება საღი აზრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში განსაკუთრებით” -ამბობს ბატონი გოგი. იხსენებს თეატრისთვის ურთულეს პერიოდს, 90-იანებს, დროს როდესაც, როგორც თავად ამბობს, შენობა თავზე ენგრეოდათ, თუმცა დროთა განმავლობაში გაჩნდა იმედები და მაყურებელიც მობრუნდა თეატრისკენ.

მისთვის თეატრის მთავარ სირთულეს წარმოადგენს ახალგაზრდების ნაკლები ინტერესი თეატრისადმი. იგი ფიქრობს რომ ახალგაზრდები სიღრმისეულ ხელოვნებას დაშორებულები არიან, აქვთ ინფორმაციის დეფიციტი, არ იციან რას მისცემს თეატრი მათ. ამდენად, ეს საკითხი საჭიროებს მეტ მხარდაჭერას საზოგადოების ყველა რგოლისგან.

თეატრი ხელოვნებაა, სადაც რეალობა ხელოვნების ენით იზრდება და მაყურებელს საკუთარი თავის სხვა კუთხით დანახვის საშუალებას აძლევს. ზუსტად ამ ჭრილში უნდა დავინახოთ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მნიშვნელობა – როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე კულტურული სივრცე. ის არა მხოლოდ ხელოვნების ტაძარია, არამედ საზოგადოების სარკეც, რომელიც ადგილობრივს საკუთარ ქალაქზე, პრობლემებსა და ღირებულებებზე აფიქრებს. მსახიობების დაუღალავი შრომა, რეჟისორთა ხედვა და ერთგული მაყურებელი ერთად ქმნიან იმ ენერგიას, რაც ზუგდიდის თეატრს დღესაც ცოცხალსა და მნიშვნელოვანს ხდის.

თეატრი- ეს არის ხალხის ხმა სცენაზე. და როცა ეს ხმა ზუგდიდიდან მოდის, ის ერთიკონკრეტული ქალაქის ამბავს კი არა, მთელი ქვეყნის კულტურულ ღირებულებებსა და სულის ხატს გვამცნობს.

თაკო ხაზალია, კახათის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!