ზვიად ყორშია-ეს იქნება ჩემი ბრძოლა ჩემი სოფლის ხვალინდელი დღისთვის


ჩვენი რუბრიკის სტუმარია ცვანელი ზვიად ყორშია, რომელიც თანასოფლელებმა, მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში. სოფელს უყვარს და ეიმედება ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამბობს, რომ იცის ცვანეში, რომელ ოჯახს რა უჭირს და ულხინს. ის ამ სოფლის ახალი თაობის ხვალინდელი დღისთვის აპირებს ბრძოლას და ამბობს, რომ სწორედ ეს იქნებაო ჩემი ბრძოლა.


-მე ვარ ზვიად ყორშია, დავიბადე 1977 წელს სოფელ ერგეტაში, დავამთავრე სოფელის #1 საჯარო სკოლა 1994 წელს, 1995-97 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამსახურში ვმსახურობდი. 1999 წელს ჩავირიცხე თბილისის საფინანსო იურიდიულ აკადემიაში, აღნიშნული აკადემიის სრული კურსი დავამთავრე 2004 წელს. იმავე წლიდან, 2012 წლამდე, ვმუშაობდი სკოლის მანდატურად . 2014 წლიდან დღემდე ვმუშაობ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად.
სოფლის დეპუტატობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მე მიყვარს ჩემი სოფელი და თანასოფლელები. მინდა ჩემი ახალგაზრდული ენერგია მოვახმარო მათ კეთილდღეობას, მოვუსმინო მათ ხმას,-რა სურთ, რისი გაკეთება უნდათ. რა არ მოსწონთ.

ჩვენს სოფელშიც ძირითადი პრობლემაა უმუშევრობა, რასაც ძალიან განიცდიან ახალგაზდები. მე ვაპირებ, მათთვის ვიბრძოლო და ეს იქნება ჩემი ბრძოლა ჩემი სოფლის ხვალინდელი დღისთვის. მჯერა სიყვარულით, ერთმანეთის გვერდით დგომით ყველაფრის გაკეთებას შევძლებ სოფლისთვის, რომ ჩვენ მომავალ თაობას ამ სოფელში ცხოვრება არ გაუჭირდეს, აქედან არ გაიქცეს. მე ვიცი ამ სოფლის ყველა სატკივარი, ყველა წვრილი პრობლემაც კი. ვიცი ოჯახებში ვის რა ულხინს, რა უჭირს. ბედნიერი ვიქნები, თუ მათ შევუმსუბუქებ დარდს, საფიქრალს და პრობლემების მოგვარებაში დავეხმარები. ვფიქრობ, ადამიანებმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაონ პირველ რიგში, რომ საქმე, საკუთარი თუ საერთო, წინ რომ წავიდეს.

–  თქვენი სამომავლო გეგმები?

– თუ გავიმარჯვე, თუმცა ჩემი თანასოფლელები ისედაც დარწმუნებული არიან ჩემს გამარჯვებაში, მე ვეცდები სოფლისთვის ბევრი სასიკეთო საქმე განვახორციელო. იმედებს არ გავუცრუებ ჩემს ამომრჩეველს.
_ ოჯახზე გვესაუბრეთ.
– მყავს მეუღლე ნათი წითლიძე, მუშაობს ორსანტიაში, გამგებლის წარმომადგენელია. მყავს შვილი გიორგი, 4 წლის.  მყავს და, ნანა ყორშია, რომელიც დაოჯახებულია და  ცხოვრობს სოფელ კოკში.
-რა არის ზვიად ყორშიას ოცნება?

– გამთლიანებული საქართველო!

– თქვენთვის გამორჩეული დღესასწაულები?
– შობა, აღდგომა, მარიამობა.

– ტრადიცია, რომელსაც პატივს სცემთ?

– ყველა ქართულ და მეგრულ ტრადიციას პატივს ვცემ და ვფიქრობ, აუცილებელია ერმა, კუთხემ თავისი კულტურა შეინარჩუნოს.

– რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
– გამძლეობას, ერთმანეთის სიყვარულს და პატივისცემას.
რ. როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!