- მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია ზუგდიდზე სოციალურ ქსელში წერს:
“ფერიცვალებას გილოცავთ იმ ქალაქიდან, რომელიც დღეს, როგორც არასდროს, უპერსპექტივო და უმოტივაციო გარემოდ იქცა ახალგაზრდებისთვის. არც ჩემი სკოლის, არც სტუდენტობის პერიოდში არ შემხვედრია ამდენი, სამართლიანად გაბრაზებული, უცხოეთში საცხოვრებლად თუ სამუშაოდ წასვლაზე გამეცადინებული და აქაურობაზე გულაყრილი მოქალაქე. სიღარიბეც გადაგვიტანია, უსამართლობაც, ძალაუფლებისგან გარყვნილი ტიპებისთვისაც დაგვიბრუნებია ხურდა, მაგრამ სულერთი ზუგდიდში ცხოვრება არასდროს ყოფილა, ადამიანის საპროტესტო სიტყვას ფასი ასე არასდროს დაუკარგავს. ბოტანიკური ბაღის გაფასიანებას გააპროტესტებ, ზუგდიდის ბულვარის დაუსრულებელ გადათხრა-გადმოთხრას თუ მწვავე სოციალურ პრობლემებზე ილაპარაკებ – შედეგად გულგრილობას და ფეხებზე დაკიდებას აწყდები ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებისგან. თითქოს ფუნქცია გამოაცალეს, დააკნინეს და პრემიერ მინისტრი იმის ღირსადაც კი არ მიიჩნევს ზუგდიდს, სამარცხვინოდ გაიაფებული თხილის სუბსიდირება მაინც შესთავაზოს, რომ ბოლომდე არ დაიქცეს და გაღარიბდეს აქაური მოსახლეობა.
იმას უკვე მივეჩვიეთ, რომ ხმას არ იღებენ ქალაქის წარმომადგენლები მმართველი პარტიიდან, საკუთარი თავისა და სანათესაო-სამეგობროს გარშემო კომფორტის ზონა შეიქმნეს და ზუგდიდელების პრობლემებზე პასუხისმგებლობა, მათზე მთავრობაში და პარლამენტში ლაპარაკი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.
ხმას არ იღებს აქაური ბიზნესეკლესიის შეფი (ცხადია, არც მისი ხელისბიჭები), მოსახლეობის გასაჭირი მეათეხარისხოვანია ყველა მთავრობასთან გარიგებული ეპისკოპოსისთვის.
აუცილებლად ფერი უნდა იცვალოს ჩემმა ქალაქმა. ყველანი უნდა დავბრუნდეთ, ყველამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი შესაძლებლობები არ დავზოგოთ და უანგაროდ გავცეთ ახალგაზრდებისთვის, ყველა თაობისთვის, რომ საოკუპაციო ხაზთან ყველას იმედად მყოფი ზუგდიდი ასე დაკნინებული აღარ იყოს”.