- იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება.
მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები – ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება.
მისი თქმით, საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს დაადგენს საქართველოს მთავრობა.
როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრს ექნება უფლებამოსილება, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ორ ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულება დაადგინოს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს