საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, “ზუგდიდელები” დაუკავშირდა პრეზიდენტობის კანდიდატების ადგილობრივ წარმომადგენლებს, საკრებულოსა და პარლამენტის წევრებს და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს. მათ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასეს.
გუშინდელი არჩევნები შეაფასა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, ლაშა დამენიამ: “გუშინ ხელისუფლება დამარცხდა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში. როდესაც, ჩვენ, არჩევნები 2012 წელს წავაგეთ და გადავეცით ხელისუფლება მშვიდობიანად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მას მერე, რატომღაც, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მათთვის ყველაფერი დასაშვები იყო. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ის, რომ ჩვენ ვართ ცივილიზირებული, ევროპელი ერი, რომელმაც იმ დროს, როდესაც ხელისუფლება უკვე ვერ ცნობს, თუ რას აკეთებს და ყველაფერზე მიდის და ჰგონია, რომ ყველაფერი დასაშვებია მისთვის, გუშინ ქართველმა ხალხმა ნათლად ანახა ხელისუფლებას არამარტო დღევანდელს, მომავალ ხელისუფლებებსაც, რომელიც საქართველოში მოვა, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის დადგება იქ, სადაც სიმართლეა და საქართველოს განვითარებაა. მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტ შედეგს ველოდით. პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას, მისი კანდიდატის გამარჯვებისთვის იბრძვის და ჩვენც გვქონდა გამარჯვების იმედი, ამიტომაც ვიბრძოდით, მაგრამ ამომრჩევლის პოლარიზება მოხდა. ჩვენ გვქონდა პარტიული ინტერესი, მაგრამ უფრო მაღალი ეროვნული ინტერესი იყო, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილს არაფრით არ უნდა გაემარჯვა იმიტომ, რომ მისი შეხედულებები და განცხადებები იყო ქვეყნის უფრსკულში გადავარდნა და ეს იყო რუსული პოლიტიკის კონკრეტულად პუტინის პოლიტიკის ხაზის გატარება საქართველოში. მეორე ტურში იმედი გვაქვს, ქართველი ხალხის, რომლებიც თავიანთ არჩევანს ბოლომდე დაიცავენ და ოპოზიციურმა ძალებმა ბევრად მეტი ხმა უნდა აიღონ, ვიდრე სახელისუფლებლო ძალამ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოხდება იმისათვის, რომ საბოლოო გამარჯვებით დავაგვირგვინოთ.”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერმა ანა წითლიძემ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ზუგდიდელებმა სწორ არჩევანს დაუჭირეს მხარი :”შედეგების მიხედვით ზუგდიდში, ზუგდიდელებმა შეაფასეს და ხმა მისცეს სწორ არჩევანს. 23 ათასზე მეტმა ზუგდიდელმა, გუშინ, უარი უთხრა მოღალატე ხელისუფლებას. გრიგოლ ვაშაძემ მოიგო არჩევნები მიუხედავად დაშინებისა, მოსყიდვის მცდელობისა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დახარჯა ხელისუფლებამ, ვერ იყიდა ზუგდიდელები და ქართველი ხალხი. მე მადლობა მინდა ვუთხრა იმ 23 ათასზე მეტ ზუგდიდელს, რომელიც მოვიდა არჩევნებზე, გვენდო და გააკეთა სწორი არჩევანი. რაც შეეხება მეორე ტურს, ჩვენ ათმაგად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ხელისუფლება ყველაფერს იზამს, თუმცა, ხელისუფლება უკვე აღარ არსებობს, ეს გუშინდელმა არჩევნებმა დაადასტურა. ჩვეულებრივად “ჩამოშლილები” არიან, ამიტომაც კიდევ უფრო ნაკლები შანსი აქვს მეორე ტურში.”
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გუშინდელ არჩევნებზე მასიური, სისტემური დარღვევები არ დაფიქსირებულა, იყო ცალკეული შემთხვევები, რაზეც მოხდა მყისიერი რეაგირება.” ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებმა მაღალი ევროპული სტანდარტით, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც უდაოდ უნდა მივიჩნიოთ “ქართული ოცნების” ხელისუფლების დამსახურებად. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ბუნებრივია, ჩვენ არჩევნების შედეგებით არ ვართ კმაყოფილი. ამ შედეგების ანალიზი საფუძვლიანად გაკეთდება. ამ შედეგებით იკვეთება, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენ გამოგვიგზავნა გზავნილი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად წავიკითხავთ. განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ადეკვატურები ქართველი ხალხის მოთხოვნის, შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, ჩვენ შევძლებთ იმ ცვლილებების კვალდაკვალ, რომელიც დღემდე განახორციელა “ქართულმა ოცნებამ”, რომლის გამო “ქართული ოცნება” სარგებლობდა მაღალი მხარდაჭერით, ახლა უკვე შევძლოთ ახალი გამოწვევებისთვის პასუხის გაცემა, ანუ გავუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს და შესაბამისად, განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მეორე ტურის არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” რადიკალურად განსხვავებული შედეგები მიიღოს და ჩვენს მიერ, მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს მეორე ტურის არჩევნებში”.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე, დიდი ალბათობით, მეორე ტური შედგება