ზუგდიდის რკინიგზის ვაგზლის უფროსი კობა ლაგვილავა ტრანსპორტელია, თითქმის 16 წლიანი სტაჟით. I საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი, ცნობილი მოვლენების გამო, დაამთავრა უკვე ქუთაისში.
დედა ომიანა ღურწკაია თავის დროზე კერავდა, დიზაინერი იყო. მამა, გურამ ლაგვილავა, ტრანსპრტის მუშაკი გახლდათ. თვითონაც, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, დაიწყო მუშაობა ტრანსპორტის სფეროში. ჯერ მოლარე-ოპერატორად, ინჟინერ-მექანიკოსად, შემდეგ იყო გამგეობის ტრანსპორტის სამსახურის უფროსად, ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სპეციალისტად.
– საკმაოდ წარმატებული კარიერა გაქვთ, მაგრამ დღეს გვინდა გვესაუბროთ თქვენი სიყვარულის, ოჯახის შექმნის ლამაზ ისტორიაზე. ამბობენ, სერენადებით დაიპყარით თქვენი რჩეულის გული…
– არადა, იმ დროს, სულ არ ვაპირებდი ოჯახის შექმნას. კომპიუტერის ყველა ფაილი დახული მქონდა, სულ სხვა გეგმებს ვადგენდი, სხვა რამ მიზიდავდა. კი მიყვარდა აქაურობა, ჩემი საქმე, მაგრამ დეიდაშვილები სულ თავისთან მიხმობდნენ. მთელი ევროპა აქვთ მოვლილი, ახლა პარიზში ცხოვრობენ, მეც ვემზადებოდი მათთან წასასვლელად.
– …და აქ მოულოდნელი რამ მოხდა.
– დიახ. ჩემი ახლობლის ქელეხი იყო და ნამდვილად მოულოდნელი იყო, რომ ამ სიტუაციაში თვალში მომხვდა ერთი პიროვნება. მისი გაცნობა პირადად არ გამოდიოდა და ასეთ ხერხს მივმართე – საკმაოდ ხმამაღლა წარვადგინე, თითქოს საუბრისას, ჩემი თავი, ეს და ეს ვარ-მეთქი. დავაფიქსირე, რომ მისი ყურადღებაც მივიქციე. მოგვიანებით, დავურეკე და გავახსენე ჩემი თავი… ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა მომავალ მეუღლესთან ჯილდა ზარანდიასთან.
ერთხელაც, დაბადების დღეზე, 2004 წლის 3 ოქტომბერს, სახლში მივაკითხე, ერისთავის ქუჩაზე ცხოვრობდა და დიდი თოჯინა მივართვი. სანამ სახლში შეიტანდა გავუჩინარდი. ცოტა ხანში კი გიტარით ხელში, ჩემს მეგობრებთან ერთად ავმღერდი: „ცაში ახედე, რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა“. რომ დავამთავრეთ, ჯერ სიწყნარე იყო. მერე ჩემს მომავალ სიმამრს უთქვამს, ამოიყვანეთ ეს ბიჭი სახლშიო. ამის მერე ოფიციალურად ვხვდებოდით ერთმანეთს. საშობაო მარხვა ახლოვდებოდა და მის დაწყებამდე, 13 ნოემბერს დავიწერეთ ჯვარი და წავედით ერთი დღით ტყიბულის რაიონის სოფელ ორჯოლაში. მარხვის დაწყებამდე ქორწილიც გადავიხადეთ.
– 4 ქალიშვილი გყავთ, ბიჭზე ოცნებობთ, ალბათ…
– დიახ, ჩემი სიხარულია ჩემი ანა, ნიაკო, ნუკი, ბარბარე, რომელიც პატრიარქის ნათლულია. რაც შეეხება ბიჭს, მეგობრები მაჯავრებენ ხოლმე, მეხუთეც გოგო გეყოლებაო. მე ვპასუხობ, ღმერთის წყალობით მეშვიდე ხომ იქნება ბიჭი!
– და ბოლოს, ზუგდიდის სადგურს დაეტყო სიახლეები…
– თანამედროვე ტექნოლოგიები შემოდის, ინტერიერიც განახლდა, ბილეთების გაყიდვაც უფრო მოწესრიგებულია. გამართულია მოდერნიზებული მატარებლის მგზავრობაც. ზოგადად, რკინიგზის სადგურის მუშაობის გამართვა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
– გავიგეთ, განსაცდელის გამოვლა მოგიხდათ …
-დიახ, უფლის შემწეობით ყველაფერი ცუდი უკან დარჩა,-უბედურ შემთხვევას გადავურჩი. არავინ ელოდა ჩემს გადარჩენას, მთელმა სამეგობრომ გამომიტირა, მაგრამ გადავრჩი. ეს მართლაც დიდი განსაცდელი იყო. მინდა, ჩემს თანაქალაქელებს, მეგობრებს ვუთხრა, მეტი სიკეთე ვაკეთოთ ერთად, კარგი საქმეების კეთება კი გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და გადაგვარჩენს ჩვენც.
ესაუბრა როზა როგავა