- ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიის“ საკონცერტო დარბაზში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე IX INTERNATIONAL FESTIVAL-CONTEST “Wonderland”, სასახლის მუსიკალურმა ბენდმა „ბირთვი“ მონაწილეობა მიიღო და პირველი ადგილი მოიპოვა.
კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მუსიკალური კოლექტივები.
რამდენიმე დღის წინ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ბენდმა “ბირთვი” წარმატებული კონცერტი გამართა. ეს იყოს მისი დებიუტი.
ბენდის დამფუძნებელი ვასო მამფორია ზუგდიდელია და იმავდროულად სასახლეში აღზრდილი. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის №2 სასწავლებელი გიტარის მიმართულებით.
ბენდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვასილ მამფორია, საკუთარ შემოქმედებაზე და ბენდის შექმნის ისტორიაზე საუბრობს “ზუგდიდელებთან”.
ვასო მამფორია: “- 2002 წლიდან ჩემს ქალაქში ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. მუსიკასთან ჩემი კავშირი იწყება ბავშვობიდან. 10 წლიდან ვმღეროდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლში „გინცი“. გამიჩნდა სურვილი შემესწავლა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. ჩემი ინსპირაციის წყარო იყო ესპანელი კომპოზიტორისა და ვირუოზი გიტარისტის პაკო დე ლუსიას შემოქმედება. ზოგადად, გიტარა 14 წლის ასაკიდან უკვე ჩემი განუყრელი მეგობარია. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ქალბატონ ნატალია კემულარიას მხარდაჭერით, შესაძლებლობა მომეცა სასახლეში ჩამოყალიბებულიყო მუსიკალური ბენდი „ბირთვი“ და მისი პირველი კონცერტიც, რომელიც სასახლის სცენაზე გაიმართა, რამდენიმე კვირის წინ, იყო საკმაოდ წარმატებული.
სასიამოვნოა, რომ მაყურებელი დიდი სიყვარულითა და სითბოთი შეხვდა სასახლელების ახალ წამოწყებას. სასიხარულოა ისიც, რომ ჩვენმა ბენდმა მალევე მოიპოვა წარმატება ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე, სადაც მოვიპოვეთ პირველი ადგილი. ჯგუფის წევრები არიან: ვასიკო ლოგუა, საბა სართანია, ზუკა ლოგუა, გვანცა ბულია და გურიკა ქარცხია. ჩვენ დიდი შრომა ჩავდევით ამ საქმეში და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო მეტ კარგ და საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ”.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ