“ენმ” ითხოვს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას


დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მურთაზ ზოდელავამ, პარტიის ოფისში, ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, “ენმ” -მ საოლქო კომისიის მიმართ, დაწერა 140 განცხადება, რაც მისი თქმით, არის “უპრეცენდენტო ციფრი”. “არასოდეს საქართველოს საარჩევნო ისტორიაში ამდენი საჩივარი, ასეთ მოკლე ვადაში, არ დაწერილა უბნებზე და საუბნო კომისიაში . მირანდა მესხი, რომელიც არის საოლქო კომისიის თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან”, არის თამარ ჟვანიას ნათელ-მირონი. ცდილობს, რომ კვლავ ააწყოს წინა წლებში, აპრობირებული გაყალბების სქემა, მაგრამ არ გამოსდის ეს ამბავი”. მურთაზ ზოდელავას განმარტებით, მირანდა მესხი ახორციელებს ზეწოლას საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებზე და სხდომის მდივნებზე.   “ქართული ოცნების” მიერ შერჩეული სხდომის მდივნობისა და კომისიის თავმჯდომარეების კანდიდატურები აცხადებენ უარს მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. ბოლო დღეების განმავლობაში, ხდება მათზე ზეწოლა პოლიციის, გამგეობების, სკოლის დირექტორების და სხვა სსიპ-ების დირექტორების გამოყენებით. ამ ადამიანების უმრავლესობამ გაითავისა, რომ მათი ხელმოწერა არის სარისკო”. მან ასევე, აღნიშნა, რომ უბნები დროულად ვერ გაიხსნა. მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ უბნებში სავალალო მდგომარეობაა ორგანიზებულობის თვალსაზრისით. მისი თქმით, ზუგდიდის მეცხრამეტე საარჩევნო უბანი გაიხსნა ავტოსახელოსნოში.

“ენმ” ითხოვს, დაუყონებლივ გადადგეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. “ეს ადამიანი არ შეესაბამება თანამდებობას . ვერ უმკლავდება ზეწოლას თამარ ჟვანიასგან. მირანდა მესხი არის ქოცი ობერ ზონდერის ინტერესების გამტარებელი სამეგრელოში.”

მურთაზ ზოდელავას ბრალდებებს უპასუხა #67 საოლქო-საარჩევნო კომისიი თავმჯდომარემ მირანდა მესხმა. მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომ საჩივრების რაოდენობა 140 არ არის. “ოლქში შესულია 30-მდე საჩივარი. ყველა ატვირთულია ცეესკოს ვებ-გვერდზე და დანტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია.” მირანდა მესხის თქმით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცეესკოს თავმჯდომარის მიერ მის მიმართ ზეწოლაზე ისაუბრა. “არანაირი ზეწოლა არსაიდან არ ხდება. ზეწოლას თვითონ ახორციელებს თავიანთ წევრებზე. გვერდით ოთახში ვარ მე, რეკავს და ახორციელებს პირდაპირ ზეწოლებს გინდა თუ არა დაწერონ საჩივარი.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!