„ენმ“-ს ახალი პროექტი „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგი გამართა. მან ჟურნალისტებს „ენმ“-ს ახალი პროექტი „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“ გააცნო. მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, ახალი პროექტი მთლიანად ეთმობა ხალხის განწყობას.

„ეს არ არის პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა კაბინეტებში მოფიქრებული. ჩვენ დავდივართ ხალხში, ვიცით ხალხის პრობლემები და მათი განწყობა. ხალხში არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. ადამიანებს აქვთ შეგრძნება, რომ დაზარალდნენ ივანიშვილის რეჟიმის მიერ, მათი უუნარობით, უმოქმედებით, ან დანაშაულებრივი ქმედებით. ასეთი ადამიანები არიან ძალიან ბევრნი და უნდათ გვერდში დგომა’’. მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ „ენმ“-ს პროექტის მიზანია დაელაპარაკონ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თავს თვლიან დაზარალებულად ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებით. „ესენი იქნებიან სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი ადამიანები. ადამიანებს, რომლებსაც უკანონოდ შეწყვიტეს  სოციალური სტატუსი. ადამიანები, რომლებიც მოექცნენ ბანკების უმძიმესი წნეხის ქვეშ და დაკარგეს თითქმის ყველაფერი. ამ ადამიანებთან ჩვენ შევდივართ კომუნიკაციაში, ვახდენთ მათი დოკუმენტაციის რეგისტრაციას, მათი მოთხოვნების შესწავლას, გავცემთ მათზე “გარანტიის სერთიფიკატს”, რომელსაც ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ვიწყებთ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებას “.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Qjqx8ymltr8[/embedyt]

მისი განმარტებით, ზუგდიდის მცხოვრებლებს, დღეიდან, შეუძლიათ სპეციალური განცხადების შევსება და ამისთვის უნდა მიმართონ ადგილობრივი პარტიის ოფისს. მურთაზ ზოდელავას თქმით, ხალხისგან წამოსული იმპულსისგან შეიქმნა ეს პროექტი. „ჩვენ ვმოძრაობთ ხალხში, არ ვართ ხელისუფლებასავით კაბინეტებში გამოკეტილები, ჩვენ არა ვართ მოწყვეტილი რეალობას, ჩვენ ვართ სოფლებში, ქალაქებში, ჩვეულებრივ რიგით ადამიანებთან, მათგან მივიღეთ სწორედ ეს იმპულსი. მათ ფაქტიურად გვიბიძგეს იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო მასშტაბური სამუშაოები. რა თქმა უნდა, ადამიანებს აქვთ შეგრძნება, რომ არიან გაძარცულები, რომ მათი პერსპექტივა, სამომავლო ხედვები ვიღაცამ მოიპარა და მათი გადმოსახედიდან ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვთვლით, ყველა ის უბედურება, რომელიც დღეს საქართველოში ტრიალებს, უკავშირდება ამ ადამიანს და მის პოლიტიკურ ამბიციებს“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!