„ენმ“-ს ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ადგილობრივ ხელისუფლებას და მხარის გუბერნატორ ლევან შონიას ბრალს დებს პარკირების პრობლემის მოუგვარებლობაში და ამ სფეროში საკუთარი ბიზნეს ინტერსების გამოყენებაში.
წითლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დასრულდა, სადაც გაიმარჯვა კომპანია „თაუნ პარკმა“, რომლის ხელმძღვანელი არის მხარის გუბერნატორის და „ტყის ძმების“ მეთაურის დათო შენგელიას უახლოესი გარემოცვა და მისი მეგობრები ნოდარ ესათია და ნიკოლოზ შელია. წითლიძის ინფორმაციით, ნიკოლოზ შელია არის დათო შენგელიას ნათლული. „ამ ადამიანებმა გუბერნატორი შონიას და ქალაქის მერის გოგოხიას მეშვეობით, ზეწოლა მოახდინეს ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც სურვილი ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ელექტრონულ აუქციონში. დაემუქრნენ მათ სუსით, თუ ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას, ან გაჟღერებდნენ ამ ინფორმაციას, მათ ექნებოდათ პრობლემები“. მისი თქმით, ის ესაუბრა რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელს, რომლებიც თავს იკავებენ საჯაროდ გამოჩნდნენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=XcNXglB3qK8[/embedyt]
ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, ქალაქის პრობლემებს ეს ადამიანები იყენებენ ბიზნეს ინტერესებისთვის. დეპუტატის ინფორმაციით, მერია მუშაობს ამ კომპანიასთან ხელშეკრულებაზე. ის მოუწოდებს ქალაქის მერიას გაასაჯაროს რომელმა კომპანიამ მოიგო ელექტრონული აუქციონი, რა პირობით და რის შეცვლას აპირებს ამ მერია ხელშეკრულებაში. „ენმ“ თვლის, რომ ეს არის პირდაპირ დანაშაული და პასუხისმგებლობა ადგილობრივი ხელისუფლებისა და გუბერნატორ შონიასი“.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მხარის გუბერნატორის პრესამსახური განცხადებას ავრცელებს : “პარკირების საკითხთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არც გუბერნატორს და არც რწმუნებულის ადმინისტრაციას არ აქვს. ეს არ წარმოადგენს ჩვენს კომპეტენციას და არის თვითმმართველობის გადასაწყვეტი საკითხი. რაც შეეხება ბრალდებას, არის სიცრუე, არ ემყარება ფაქტებს და მიზნად ისახავს გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას ოპონენტი პარტიის მხრიდან. რაც შეეხება, თქვენს მიერ დასახელებულ პირებს, რომელსაც ქალბატონი წითლიძე ვითომ გუბერნატორის მეგობრებად უსახელებს მედიას, არათუ გუბერნატორის ახლობლები არა არიან, არამედ მათ ლევან შონია არც კი იცნობს”.
ქალაქ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ღუბელაძე ამბობს, რომ უსაფუძლო ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.