დღიური N2. ლიკა როგავა: “ერთგვილ მაარეს ჯიუდი ნიშგვეი ქართველარს, ნიშგვეი ერს“


  •   ზუგდიდელი ლიკა როგავა, სვანეთიდან, სასტუმრო “ჩუბუდან”, სადაც იმყოფება კარანტინში, “ზუგდიდელებს”  სვანურ დღიურებს უგზავნის. მაშ, ასე, დღიური N2:

“15 აგვისტო, 2020 წელი. -ხოჩა ლადეღ,-ერთმანეთს აივნიდან მივესალმეთ მე და დედფალ თვეთვნულდ. ღამე ჩვენი ორივეს კარგი მეგობარია, ჩვენს მეგობრობასაც ამყარებს და სხვა მეგობრებზეც გვაფიქრებს. მეგობრობა მარტივი სიტყვა არ არის ჩემთვის, დიდია, ბევრია და ყოვლისმომცველია. 34 წლიანი ცხოვრების მანძილზე ღირებული მხოლოდ მეგობრები ვაგროვე და ბედნიერი ვარ, რომ ამ სიტყვებში ყოველ წამს ვრწმუნდები. კარანტინი-ეს არც განაჩენია და არც ავადმყოფობა, ეს მდგომარეობაა, რომელიც ახალმა კოვიდ ინფექციამ მოიტანა და გვინდა, არ გვინდა, იძულებით, თუ ნებით, ყველას გვიწევს ამ გზის გავლა. ჰოო… კვლავ მეგობრებს დავუბრუნდები… ძალიან კარგმა ადამიანებმა გამიადვილეს აქ ყოფნა… დღეს შაბათია, სამსახური დღეს არ მიწევს და ამიტომ მეტი დრო მაქვს ფიქრისთვის და წერისთვის, თუმცა აქ რაც არ იმართება და არაფერს გვეკითხება ეგეთი მხოლოდ დროა…  ამ დროს კი, საინტერესოდ გაყვანა სჭირდება, დროის საინტერესოდ გაყვანას კი ადამიანებთან ერთად წიგნები და „ლეპტოპი“- რომლის გარეშე არც სამსახური გამოდის და არც სხვა რამ საქმიანობა. არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ჩემი განსაკუთრებული ადამიანების მონდომებით, კარანტინი ნამდვილ დასვენებად და იდეალურ მდგომარეობად მექცა. ამ იდეალური მდგომარეობის გამყარებას კი ჩემი ყველა მეგობარი უწყობს ხელს, დიახ, დაუთვლელი მესიჯების, ზარების და კომენტარების საშუალებით.

თეთნულდი

ისევ თეთნულდს დავუბრუნდები…  დღეს მზეს მიეფიცხა და ღრუბლის ქულა წელზე სარტყელივით ისე ლამაზად შემოიხვია რომ მეც მივეფიცხე მთის მზეს და ნამზეურიც ავიკარი, არა არ ავიკარი, სალბუნად მოვისხი, აქ მზეც სხვანაირია, სვანეთის მთებში მზემაც სხვანაირი მეგობრობა იცის, გეფერება და სულს იმგვარად გითბობს როგორც მხოლოდ ნამდვილ მეგობრებს შეუძლიათ. მე კი ვუყურებ მზეს და მინდა “ლილეო” ვუმღრო, ისე ლამაზად, ისე დიდებულად როგორც ეს სვანეთს და მზეს ეკადრებათ… გამომივა ალბათ…

უშბა

რადგანაც ამდენი ვისაუბრე მეგობრობაზე, დღეს იმ ადამიანებს გაგაცნობთ, რომლებთან ერთადაც ამოვედი აქ და შემდეგ “გავკარანტინდი”. ჩემი ყველაფერი, ნათია და დათო- ამ ორისთვის არ მენანება სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვა, ნანა – მამიდა, დათო და ნინი- მამიდაშვილი და რძალი. ნათესაობა და ურთიერთობები მაშინ არის მყარი და ძლიერი როდესაც მას მეგობრობა ერწყმის, ამ ადამიანებთან სულის გაზიარება არის შესაძლებელი. ჩვენი სუსტი თუ ძლიერი მხარეებით ჩვენ ერთმანეთს ისე კარგად ვავსებთ და ვაძლიერებთ, რომ კარგ ძალად ვყალიბდებით. სვანეთის მოგზაურობა კი ჩემი მეგობრის – ვალერის გარეშე არ იქნებოდა, ვიცოდი, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო, მაგრამ აქ ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, სულ სხვა ადამიანი აღმოვაჩინე და კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ჩემს სამყაროს რომელიც ასე მიყვარს და მაბედნიერებს ჩემი მეგობრები ჰქმნიან.

დღევანდელი დღიური რადგანაც მეგობრობას ეძღვნება, მას ჩემი ახალი მეგობრის თეთნულდის შესახებ ლეგენდით დავასრულებ:

„ერთ-ერთ სალოცავის დღეობაზე ნახეს ერთმანეთი…

ზღაპარია და ზღაპრული იყო მათი შეხვედრა:

უშბას თეთნულდის დანახვამ გულის ძგერა შეუჩერა წამიერად. ყველაფერი უსახო გახდა ირგვლივ, აიზილა ერთმანეთში ფერები, ხმები. ერთი ლამაზი სახე მიეცა სამყაროს.

ორქოსნაწნავიანი თეთრი შველი იდგა მის წინ თავჩაღუნული. გოგო ვერ დაემალა ვაჟის მწველ თვალებს, სახეზე ალმური მოედო, გული აუჩქროლდა..

იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს თეთნულდს-ეს სიყვარული იყო! აი, ისეთი, ზღაპრებში და ლეგენდებში რომ ჰქონდა მოსმენილი..

ეს რომ თეთნულდის მშობლებმა გაიგეს კაცები მიუგზავნეს უშბას მამას.

-ხომ გვიცნობო?

-ჩვენთან მტრობა ხომ არ გინდაო?

-შვილი სადმე გადახვეწე, თუ ცოცხალი გინდაო.

შეწუხდა მამა. იცოდა შვილის ხასიათი, გოროზი და მშფოთვარე ბუნება არასგზით დათმობდა დაუთმობელს. ავად ესმა და ავად ვარო, წამალი უნდა მიშოვოო. გაუშვა კავკასიონის მთავარი ქედისკენ შვილი.

უჭირდა სატრფოსთან განშორება, მაგრამ მამაც უჭირდა. გულდამძიმებული გაუდგა გზას ჩრდილოეთისკენ.

წინ დიდი გზა – ყარაჩაი და ყაბარდო, უკან თვალები მოელვარე და ვარსკვლავები.

. . .

უთხრეს-წავიდაო.

ცოლიც მოიყვანაო.

ხანიც გავიდაო.

კიდეც დაგივიწყაო..

დავიწყებული კაბა ჩაიცვა, იმ დღეს რომ ეცვა. ის დღე რომ იყო და სხვა დღით რომ აღარ უცხოვრია.

კლდის ქიმზე იდგა..

ინატრა ქვად ქცევა.

-ნეტაი, მარჯვენა ბეჭის ქვეშ გამყუჩებოდეს ტკივილიო..

მზის შვილი იყო.

ჰოიდა ლილეო.

მზემ შვილივით ჩაიკრა გულში.

ულამაზეს მთად აქცია.

. . .

დაბრუნდა უშბა.

მთადატყორცნილი დახვდა სიყვარული. გაქვავებული.

გაქვავდა მისი გულიც.

ყოველ დღე შეჰყურებდა თეთნულდს. ყოველ დღე მთად ქცევას სთხოვდა უზენაესს.

-თუ ერთად ყოფნა არ გვეწერა, მთებად ყოფნა გვეწეროსო!

შეისმინა ვედრება.

. . .

კავკასიონის ქედზე ორი მწვერვალი დგას ერთმანეთის პირისპირ.

გოროზი უშბა სიყვარულით გასცქერის ულამაზეს თეთნულდს.

ამბობენ,  წელიწადის  უმეტეს დროს, უშბის თავზე ღრუბლები მისი მწუხარებაა დაკარგული სიყვარულის გამოო.

არა! ეს სხვაა – სხვა ქალია.

უშბა რომ უყვარდა.

ელოდა.

მთადქცეულ თეთნულდზეც რომ ეჭვიანობდა და უარყოფილმა ინატრა ღრუბლებად ვიქცეო.

-ჩამოვშავ-ჩამოვთეთრდე, თეთნულდი არ განახოო.

მთების ერთმანეთის მზერით ტკბობა ვერ აიტანა. ჰოდა, ეხვევა უშბას ყელზე, სახეზე, მხრებზე:

-ჩემი ხარ… მხოლოდ ჩემი…

ისმის ღამ-ღამობით ექო.

როცა ქალს სძინავს, ცა იწმინდება…“

სიყვარული მეგობრობის გარეშე წარმოუდგენელია…

ერთგვილ მაარეს ჯიუდი ნიშგვეი ქართველარს, ნიშგვეი ერს.“

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!