- დღეს, 15 ივლისს, ქრისტიანული სამყარო, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს.
დილის ცხრა საათზე, დადიანების მუზეუმიდან სასულიერო პირებმა გამოაბრძანეს ღვთისმშობლის კვართი, შემდეგ, რამდენიმე წუთით ის დაბრძანებულ იქნა ქალაქის ცენტრში აღმართულ ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატთან. შემდეგ კი, კვართი გადააბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც ამ წუთებში, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლენს.
სადღესასწაულო წირვის დამთავრების შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივ მრევლს და მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ ემთხვიონ ღვთისმშობლის კვართს.
დღესასწაულს მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ესწრებიან.