- ზუგდიდელი ახალგაზრდა პოეტი დემეტრე ზარქუა დაიბადა 1996 წლის 27 აგვისტოს. სწავლობდა კახათის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიაში, დღემდე არის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი.
2017 წელს ჩაირიცხა ახალციხის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში, თეოლოგიის ფაკულტეტზე. უყვარს ლიტერატურა, განსაკუთრებით პოეზია. ლექსებს ბავშვობიდან წერს.
შემინდე მამაო
შემინდე მამაო იმდენჯერ დავეცი
ხელებზე არ მყოფნის თითები სათვლელად,
ყოველდღე უფალი გულიდან გავეცი
ყოველდღე დაცემა მიწასთან მასწორებს.
შემინდე მამაო უღირსი შვილი ვარ
და ზეცას ღრუბელი როგორც კი დაფარავს
ოლარ ქვეშ ვიწვები ვდნები და ვტირივარ
ჩემს ცოდვებს, ვერასდროს, ვერასდროს დავფარავ.
მიჭირს და იმდენად სუსტი ვარ მამაო
ხანდახან ცრემლებიც თვალიდან მიქრება,
დამღუპავს ის ვერცხლი სულისთვის ამაოდ
ჯერ მხოლოდ გაცემის ფიქრებმა მიმსხვერპლა.
მამაო ბარაბაც ღირსია შენდობის
მე რა ვქნა,უძღები შვილივით მოველი
აღდგომას საკუთარ მამის თვალებში
აღდგომას მოველი დაცემის შედეგად.
შემინდე მამაო იმდენჯერ დავეცი
ხელებზე არ მყოფნის თითები სათვლელად,
მე რა ვქნა, უძღები შვილივით მოველი
აღდგომას, აღდგომას დაცემის შედეგად.
დგახარ ტაძარში ღვთიშობლის ხატთან და შენს თვალებში
დგახარ ტაძარში ღვთიშობლის ხატთან და შენს თვალებში
სინანული ჩანს, ცრემლებს ღვრი და ლოცვა გწყურია
მაგრამ არ იცი როგორ უნდა ილოცო თურმე
და შენი გული უღმერთოდ ხომ გაყინულია.
ნუ გეშინია, გასწავლი ლოცვას თუ დამიჯერებ
და ჩემი სულის საკურნებელ გაგიყოფ არტოსს,
დგახარ და ფიქრობ, რომ მოგიწევს მარტო დარჩენა
მაგრამ უფალი როდის იყო გტოვებდა მარტოს.
იცი რას ნიშნავს, როცა გტკივა სული ძალიან
ადამიანში ეძებ ღმერთს და ვეღარ პოულობ,
და თვალებიდან უიმედო ცრემლების წვიმა
ასველებს ადგილს ყოველდღე, რომ შენთვის ვლოცულობ.
დგახარ ტაძარში ღვთიშობლის ხატთან და შენს თვალებში
სინანული ჩანს, ცრემლებს ღვრი და ლოცვა გწყურია,
ადამიანში ეძებ ღმერთს და ვეღარ პოულობ
აი რას ნიშნავს, როცა გტკივა სული ძალიან.
და მარცხნივ მკერდში გულის ღილები
და მარცხნივ მკერდში გულის ღილები
შენთვის ძვირფასო,შენთვის ავიძვრე,
ერთმანეთისთვის გაჩენილები
უერთმანეთოდ გვიწევს სიცოცხლე.
მიყვარხარ,როცა ბაღში ყვავილებს
შენი შურთ,როცა გულით იცინი,
მე ჩემი თავი იქ დავივიწყე
სადაც პირველად შენ გაგიცანი.
მიყვარს როდესაც ჩემზე ნაწყენი
მეჩხუბები და გამებუტები,
ბუშტებს გიყიდი,დაიწუწუნებ
და მერე მაინც შემირიგდები.
მაგრამ სიზმარიც ვიცი სრულდება
გამთენიისას გამოღვიძებით,
ვწუხვარ რომ გრძნობა ასე ნელდება
და მწყინს უჩემოდ კარგად იქნები.
და მარცხნივ მკერდში გულის ღილები
შენთვის ძვირფასო,შენთვის ავიძვრე,
ერთმანეთისთვის გაჩენილები
უერთმანეთოდ გვიწევს სიცოცხლე.
მოვკვდე კი არა, მინდა მოგიკვდე
ყოველდღე რაღაც მინდოდა მეგრძნო
რაღაც ახალი, მომავლის ფასად
ამ სიცოცხლეში ყოველთვის მსგავსი
გარდაცვალება მსურდა ლამაზად.
ამ ტყეში მხოლოდ მე დავიკარგე
და ჩემნაირი არსად ერია
ბედნიერი ვარ! მივხვდი უბრალოდ
რომ მარტოობა მშვენიერია.
როცა ვიღლები მე უსაშველოდ
მღლის უნიათო უსაზღვრო სევდა.
ვწერდი ყოველდღე შენთვის წერილებს
ყველა ცრემლებით, რომ დამისველდა.
მე ჩემს სიმცირეს ვერ მოვერიე
ჩამოვანგრიე სიყვარულის კლდე
ჩემი სურვილი იყო უბრალოდ
მოვკვდე კი არა,მინდა მოგიკვდე.