დღეს, შპს “აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ თანამშრომელბმა აქცია გამართეს. მედიკოსების თქმით, არ სურთ, რომ პოლიკლინიკა შეუერთდეს ტატიშვილის ტრავმატოლოგიურ კლინიკას.
გაფიცული ექიმები ამბობენ, რომ კლინიკის გასხვისება და პროფილის შეცვლა ტარიფების მატებას და პაციენტების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ სამუშაო ადგილებს დაკარგავენ.
ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლებმა მიმართეს პრემიერ – მინისტრს, ეკონომიკის სამინისტროს, რომ ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკა არ შეუერთდეს სხვა რომელიმე კლინიკას და შეუნარჩუნდეს პროფილი.
მედიკოსთა აქციას გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. როგორც მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ განაცხადა, პოლიკლინიკების გასხვისების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და ეს არის სრული დეზინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც გულისხმობს პოლიკლინიკების ლოკაციურ გაერთიანებას. აღნიშნული მიმართულია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისკენ და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ტარიფების ზრდას. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პოლიკლინიკების მართვას განახორციელებს აფხაზეთის ქონების განკარგვისა და მართვის სააგენტო. ჩვენ ეტაპობრივად განვიხილავდით გაერთიანების საკითხს როგორც პოლიკლინიკების პერსონალთან, ასევე მათ დირექტორებთან, ეტაპობრივად ჩვენი წარმომადგენლები ჩადიოდნენ და მსჯელობდნენ მათთან აღნიშნულ საკითხზე. გაერთიანების შედეგად, სწორი მენეჯმენტის საფუძველზე, მოხდება როგორც პერსონალის ხელფასიების ზრდა, ასევე საერთო ბენეფიციარების ზრდაც”.-აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.