დავით ჭითანავა: გულის სიღრმეში მჯერა, რომ ,,არ გაქრება კოლხთა დიდება’’


  • “ზუგდიდელების” სტუმარია ისტორიის დოქტორი დავით ჭითანავა, რომელიც წარმოშობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარიდანაა.    

ბატონო დავით, ორიოდე სიტყვით მოგვიყევით თქვენს შესახებ.

-დავიბადე ქ. ფოთში, მამაჩემი იმ პერიოდში იქ ცხოვრობდა. ბავშვობის წლები კი გავატარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, რომლის ერთ-ერთი უბანია უჩაშონა. ოფიციალურ დოკუმენტებში დარეგისტრირებული ვარ სოფელ ყულიშკარში, თუმცა როცა მეკითხებიან სადაურობას, ვამბობ, რომ ახალსოფლელი ვარ, რამდენადაც დავამთავრე ახალსოფლის საშუალო სკოლა 1990 წელს და ნაკლები ურთიერთობა მქონდა ყულიშკარელებთან და ცოტა ვინმე თუ მიცნობდა. 1992 წლიდან, მეორე კურსიდან უკვე აქტიურად ვმონაწილეობდი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში. მესამე კურსიდან ოთხი წლის განმავლობაში, ოფიციალურად ვმონაწილეობდი არქეოლოგიურ ექსპედიციებში პროფესორ მანანა გაბუნიას ხელმძღვანელობით დმანისსა და ახალქალაქში, სადაც უდიდესი გამოცდილება შევიძინე, თუმცა საბოლოოდ, კონკრეტულად, არქეოლოგიის მიმართულებით კვლევების გაგრძელების სურვილი ნაკლებად მქონდა და ამ ძიების პროცესს ერთმა გარემოებამ შეუწყო ხელი, – კერძოდ, 1996 წელს, სახელმწიფო გამოცდაზე, რომელსაც მსოფლიო ისტორიაში ღვაწლმოსილი პროფესორი ილია ტაბაღუა იბარებდა, შემხვდა თემა ალექსანდრე მაკედონელზე, სადაც განსახილველი იყო მისი ლაშქრობის მიმართულებები. ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც დაწვრილებით არ მოვყვები, ილია ტაბაღუასთან მომივიდა შეკამათება, რაშიც ის საბოლოოდ დამეთანხმა და მთხოვა, გამოცდის შემდეგ დავლოდებოდი. მან შემომთავაზა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ასპირანტურაზე ჩაბარება და მეორე დღეს შეხვედრა დამინიშნა ინსტიტუტში. ამ დღის მერე უკვე საბოლოოდ გადავწვიტე მეცნიერების გზით წასვლა, თუმცა, მქონდა ჩემი კონკრეტული პრინციპული არჩევანი და ბატონ ილია ტაბაღუას არ დავეთანხმე თავისი მიმართულებით მემუშავა. გამომდინარე აქედან, დავუკავშირდი ჩემს ყოფილ ლექტორებს, ცნობილ ეთნოგრაფებს ბატონ გურამ გეგეჭკორს და ვალერიან ითონიშვილს, რომელთა ხელმძღვანელობითაც 2003 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. 2003 წლიდან დღემდე, ვარ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჯერ მეცნიერი-თანამშომელი, 2018 წლიდან უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი. 2003 წლიდან ვეწევი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სხვადასხვა  სკოლაში ისტორიის პედაგოგად და მოწვეული ლექტორის სტატუსით.

ალბათ, თქვენში ისტორიის სიყვარული ოჯახიდან მომდინარეობს

–დიახ. ისტორიისადმი სიყვარული ოჯახიდან მომდინარეობს. დედის ბიძა (ძაკუ როგავა), იყო განათლებით ისტორიკოსი, რომლის თვალწინ ვიზრდებოდი. მას ჰქონდა უზარმაზარი და ამავე დროს უნიკალური წიგნების შემცველი ბიბლიოთეკა და შესაბამისად უკვე სკოლის ასაკიდანვე ვეცნობოდი ცნობილ ისტორიკოსთა ნაშრომებს, რომ არაფერი ვთქვათ მხატვრულ ლიტერატურაზე. ამდენად, ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა მომავალი პოროფესიის არჩევისას (აქვე, აღვნიშნავ, რომ ძაკუ როგავა, ფაქტიურად, გაიზარდა და ბავშვობიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა პროფესორ გიორგი (ჯვებე) როგავას (მისი მეუღლე აკადემიკოსი ქეთევან ლომთათიძე) ოდა სახლში (უჩაშონა). რომელთაც ასევე, თავისი კვალი დაამჩნიეს ამ ბიბლიოთეკის წიგნად ფონს. მე მქონდა ასევე ბედნიერება, სტუდენტობის პირველ ორ წელს (1991-93), მეცხოვრა მათ სახლში თბილისში.).

თავადაც უკვე, რამდენიმე წიგნის ავტორი ხართ…

დიახ, მე ვარ ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის რვა წიგნის ავტორი. მე პირველად მონოგრაფიულად შევისწავლე თანამედროვე სამეგრელოს რეგიონის ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობების სისტემა უძველესი დროიდან დღემდე (2010). ასევე, გამოკვლევები მაქვს კოლხური (მეგრული) გვარ-სახელების გენეზისის (2020), საქართველოში გვაროვნული საზოგადოების სოციალური სტრუქტურის და ეთნოგენეზის ცალკეულ საკითხებზე (2011). ასევე, შევისწავლე “ზედაშეს კულტურა საქართველოში” (2022). ჩემ მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები, საქართველოს ისტორიის და ეთნოლოგიის საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს (ეთნოგენეზის, საოჯახო ყოფის, პატრონიმიის და გვარის სტრუქტურის, წარმართული რწმენა-წარმოდგენების, ტოპონიმიკის, საერო და საეკლესიო ნაგებობების ისტორიის, სამღვდელოების და თავადაზნაურობის ისტორიის, გვარ-სახელთა გენეალოგიური კვლევების მიმართულებით, პირველყოფილი და გვაროვნული საზოგადოების გენეზისის და სოციალურ-ეკონომიკური ისტორია).

ბოლოდროინდელ კვლევებში, მნიშვნელოვანად მიმაჩნია საქართველოს მოსახლეობის გენეტიკური ისტორიის შესწავლაში მონაწილეობა, სადაც, როგორც ეთნოლოგი, ინტერდისციპლინარული კვლევების ფარგლებში ჩართული ვარ გვარ-სახელთა ეთნოისტორიის მიმართულებით. ამ კვლევაში, სხვა ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის უნივერსიტეტის, ანთროპოლოგიის დეპარტამენტის პროფესორები-თ. შური და ა. იარდუმიანი. ამ მიმართულებით, ჩვენი ჯგუფის მიერ, DNA-მარკერების მიხედვით კვლევა ჩატარდა 2012 წ. სვანეთში, 2016 წ. სამეგრელოში, 2020 წელს გურიასა და აჭარაში, 2023 წელს სამცხე-ჯავახეთში, 2025 წელს-ქვემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია სხვადასხვა მაღალრეიტინგულ გამოცემებში როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ კვლევებიდან გამომდინარე, გახლავართ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით არსებული “საქართველოს და კავკასიის მოსახლეობის გენოფონდის შემსწავლელი კომისიის’’ წევრი (2019-დან დღემდე).

ისტორიკოსები ქმნიან ქვეყნის მატიანეს, რომელიც არ უნდა იყოს ტენდენციური და უტყუარ ფაქტებზე უნდა იგებოდესანუ, ისტორიკოსები, იმავდროულად, მკვლევარები ხართ და ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული

-თანამედროვე გაგებით “ისტორია” არის საზოგადოების წარსულის აღმნიშვნელი, როგორც ამ მოვლენის, პროცესის შემსწავლელი მეცნიერება, ხოლო ისტორიკოსი ამ დარგის წარმომადგენელი. ისტორიოგრაფის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისტორიული პროცესის მთლიანი სახით წარმოჩენა, სინთეზი. ისტორია და პატრიოტიზმი ერთი მეორისაგან განუყოფელია. მეორე, პირველის საფუძველია. თუმცა, მეორე მხრივ ის ყველაზე სახიფათო პროდუქტია მავანთა ხელში. როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, “ადვოკატური ისტორიის დაწერა მხოლოდ იმ მეცნიერს შეუძლია, ვინც არავითარ ზნეობრივ მოვალეობას არა გრძნობს მეცნიერების წინაშე”-ო. იქვე აღნიშნავს, რომ “ამგვარი ისტორია, უნაყოფოა ხოლმე პოლიტიკაში. გაზვიადებული ადვოკატური ისტორიის საჭიროებას მხოლოდ ის უნდა გრძნობდეს, ვინც წარსულში ეძებს ხსნას. ან ვისაც წარსულის შესწავლით სურს თავისი ეროვნული შელახული  გრძნობა დაიკმაყოფილოს და დამშვიდდეს”. ვფიქრობ, ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი. ისტორიკოსის პროფესია რთული გახლავთ. პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ, ისტორიკოსი მათემატიკოსზე და ფიზიკოსზე უფრო გვიან ყალიბდება, როგორც შემოქმედი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ აწმყოსა და წარსულის მოვლენების ღრმა გაგებას, მომავლის პერსპექტივების გაცხადებას, ისტორიკოსის ცხოვრებისეული და პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება, ასეთი გამოცდილება კი ისტორიკოსს ახალგაზრდობაში ჯერ კიდევ არა აქვს. აქვე გავიხსენოთ ქართული ანდაზა ,,კაცი რომ გაიცნო, მასთან ფუთი მარილი უნდა შეჭამოო’’. მეორე მხრივ, ქართულ რეალობაში, როგორც ზოგადად მეცნიერების ყველა დარგი, ისტორიოგრაფიაც სულს ღაფავს. ყველას შევახსენებ, სახელმწიფო, სადაც მეცნიერებას თანადგომა არა აქვს ვერასოდეს შედგება მაღალ რელსებზე, ხოლო დემოკრატია, მხოლოდ იქ იმარჯვებს, სადაც წესრიგშია მეცნიერება და გყავს განათლებული საზოგადოება, სწორედ ეს არის დემოკრატიის მთავარი მხარდამჭერი და მებაირაღტრე.

–როგორია თქვენი გადმოსახედიდან საქართველოს ისტორიული მომავალი?

-ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის ოპტიმისტი, ვარ, პესიმიზმი წელიწადში რამოდენიმე დღით თუ ,,შემოირბენს’’ ჩემს გონებაში, მაგრამ მომავლის განჭვრეტა, თუ ასეთი რამ ვინმეს შეუძლია, უნდა ეყრდნობოდეს რეალურ ისტორიულ საფუძვლებს. დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაზე ურთულეს ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. ამას დროზე უნდა გონიერების გამოჩენა. ისტორიის მაგალითები უნდა გავიხსენოთ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ძალიან ძველი ცივილიზაციის შემქმნელი ერები აღარ ჰყავს სამყაროს, იგივე შუმერები, ძველი ეგვიპტელები და სხვები. ამის მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ დღეს გვაქ მიზეზი ქართველებს, რომ ეს ფაქტები გავიხსენოთ და ღრმად გავაანალიზოთ ჩვენი ყოფა. ვფიქრობ, აქ ჩანს ჩემი დამოკიდებულება. მეორე მხრივ, გულის სიღრმეში მჯერა, რომ “არ გაქრება კოლხთა დიდება” და “ზენიტში აღბრწყინდება საქართველოს იუპიტერი’’. ეს რამდენიმეჯერ უკვე იყო ჩვენს ისტორიულ წარსულში და თუნდაც ერთხელ უნდა ვცადოთ მომავალში.

–მოგვიყევით ოჯახზე…

-მყავს ორი შვილი, ანა (12 წლის) და ალექსანდრე (11 წლის). მეუღლე-ლელა ჯიაძე, პროფესიით სტომატოლოგია. მყავს დედ-მამა (რეზო ჭითანავა და იზოლდა როგავა) ერთი და (დარიკო ჭითანავა), რომელიც უკვე გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს. თუმცა, მშობლების მთელი ყურადღება ბავშვობიდანვე, ჩემზე იყო მომართული. განსაკუთრებით განათლების მიღების მიმართულებით. ეს გადაჭარბებული ყურადღება დღევანდელი გადასახედიდან ერთდროულად სიხარულის განცდასაც იწვევს და უფრო მეტად პასუხისმგებლობის. რთულია მათ მოლოდინებს გაუმკლავდე, კარგი მაგალითი იყო საკუთარი თავისთვის და გაამართლო ნდობა. არ ვიცი, ეს რამდენად კარგად გამომივიდა, მაგრამ არჩეული პროფესიის და ზოგადად ცხოვრების გზის მიმართ გადაწყვეტილება, მე, თვითონ მივიღე. ეს რთული გზა იყო და არის, მაგრამ ჩემი მშობლები, ვფიქრობ, ამას აფასებენ და არც არასოდეს მოუწოდებიათ მისი შეცვლისკენ. სწავლა და განვითარება ხომ მთელი ცხოვრების პროცესია.

–რას ნიშნავს თქვენთვის ზუგდიდელობა და რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ზუგდიდელობა ნიშნავს ცოცხალ, ერთდროულად მშვიდ და დაუდგრომელ ხასიათს, გულწრფელობას, განსაკუთრებულ იუმორს, სტუმრთმოყვარეობას, წინაპართა სიბრძნის და ხსოვნისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. ზუგდიდელებს ვუსურვებ ბევრ ძალას და ნაკლებ ნერვიულობას, სიმართლის დაუღალავ ლაპარაკს, მუდამ სიხარულით სავსე სუფრას. ზუგდიდელობას როგორც ძალას და არა ტვირთს. კოლხეთის ველზე ქარში გაშლილი დაუოკებელი ენერგიის შენარჩუნებას.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!