სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ნარაზენის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა.
გუბერნატორმა საბეჭვაიოს უბნის გზაზე მიმდინარე სამუშაოები დათვალიერა, რომლის შემდეგ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. შეხვედრაზე მოსახლეობამ ციტრუსის მეურნეობისა და მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივაზეც ისაუბრეს და პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გატანის მიზნით დახმარება ითხოვეს. მოქალაქეებმა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული კულტურის სახლის რესტავრაციის აუცილებლობაც აღნიშნეს. გუბერნატორმა ნარაზენის საჯარო სკოლა და სპორტულ დარბაზში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა. ,”მთავრობა მუშაობს აუთვისებელი და სარემონტო ნაგებობების აღდგენაზე. მზად ვარ, შესაბამის სტრუქტურებთან გიშუამდგომლოთ აღნიშნულ პრობლემებზე. აქვე უნდა გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია და თხილის კულტურის აღდგენასთან ერთად მეფუტკრეობის ხელშეწყობის მიზნითაც ვითანამშრომლებთ. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ საოცარი ხედები იშლება თქვენი სოფლიდან, აქაც ტურიზმი უნდა განვავითაროთ, რომ მოსახლეობას შემოსავლის ალტერნატიული წყარო გაუჩნდეს“ – აღნიშნა გუბერნატორმა. მან ამბულატორიის შენობაც დაათვალიერა, სადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენობისათვის ფუნქციის შეცვლის, მოხუცთა თავშესაფრის მოწყობის იდეა გაუზიარეს. ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ახალაშენებულ ეკლესიას ესტუმრა, ტაძრის ეზოში გაშენებული ვაზის ჯიშებით დაინტერესდა და წინამძღვარს ძველი კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენის ხელშეწყობაზე ესაუბრა.