- ახალაბასთუმანში მცხოვრები პაატა გოგელია მთელ საქართველოში ცნობილია, როგორც სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მარადმწვანე ეზოს მფლობელი. ასევე, ცნობილია თავისი ნიჭითა და ხელოვნებით. პაატას პროფესიას ტოპიარი ეწოდება. ტოპიარი – ხეებისა და ბუჩქების ფიგურული ჭრის ხელოვნებაა, უფრო კონკრეტულად კი, ტოპიარი, დეკორატიული ხე-ბუჩქნარების ფორმირება-სხვლაა გეომეტრიულ და ორნამენტულ ფორმებად.
პაატა გოგელია დიზაინერ-ტოპიარის პროფესიით 18 წლიდან არის გატაცებული. მისი თქმით, საქართველოში, მხოლოდ 4 ადამიანი იყო დაკავებული ამ საქმით. აქედან, სამი, უკვე გაემგზავრა უცხოეთში და ბატონი პაატაც, რომ არა პანდემია, პროფესიული მიზნით, ახლა გერმანიაში იქნებოდა.
საუკეთესო მასპინძელია, ღიმილი არ შორდება სახიდან, ნებისმიერ შეკითხვაზე ამომწურავად პასუხობს და მცენარეებზე საუბრობს ისე, როგორც მშობელი საკუთარ შვილებზე. გვიზიარებს გამოცდილებას, ამბობს, რომ ეზოს ასეთ სილამაზესა და სიმწვანეს ბიოლოგიური წამლებით უნარჩუნებს. მისი თქმით, მცენარე წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა შეიკრიჭოს, საუკეთესო და კლასიკურ შემთხვევაში კი, 4-ჯერ.
გოგელიების ეზოს 214 სახეობის მცენარე ამშვენებს, მათ შორის, უნიკალური სექვოია, უთხოვარი, ტიტას ხე, ზეთისხილი, კოლხური ბზა, გინკობილობა…
მცენარეთა ორიგინალური ფორმები მნახველს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს. პაატას შემუშავებული აქვს მცენარეთა მოვლის საკუთარი სისტემა. ჩვენი რესპოდენტი, თავისი ეზოს მოვლის გარდა, იღებს შეკვეთბს ეზოს დიზაინის მოწყობასთან დაკავშირებით.
გოგელიების ეზო უკვე ცნობილია მთელ საქართველოში და ამდენად, ხშირად ამერიკელი, შვედი, გერმანელი და სხვა ეროვნების ტურისტები სტუმრობენ. ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ისევ ჩამოსვლის სურვილით ტოვებენ აქაურობას.
პაატა გოგელია საკუთარ თავს კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ კიდევ მეტის გაკეთება შეუძლია თავის ეზოში. არავის არ ეჯიბრება, უბრალოდ, საკუთარ საქმეზეა შეყვარებული და უნდა, მაქსიმალურად დაიხარჯოს. ილია ჭავჭავაძე ამბობს: “თვითკმაყოფილება ადამიანის მომაკვდინებელი სენია”, სწორედ იმავე აზრს აფიქსირებს ბატონი პაატა ჩვენთან საუბრისას, რომ თვითკმაყოფილება ამ საქმიანობას ვნებს და ამბობს: “მე ვაკეთებ, უბრალოდ ვაკეთებ და მორჩა!” .
ჩემს შეკითხვაზე, რა რჩევას მისცემდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მომავალში მის პროფესიას დაეუფლებიან, ბატონი პაატა პასუხობს: “მთავარია, შეიყვაროთ მცენარე, ესაუბროთ და გრძნობდეთ მათ. ხოლო, სანამ მცენარის სიყვარულს ისწავლით იქამდე, ადამიანის მიტევება უნდა შეგეძლოთ. სხვაგვარად ვერ შეიგრძნობთ ამ სულიერ კონტაქტს მანამ, სანამ პიროვნულად არ იქნებით მზად ამისთვის.”
- საინტერესო და დაუვიწყარი იყო გოგელიების ბაღში სტუმრობა. საჩუქარიც მივიღე. ეს არის მცენარე, სახელად “ქაღალდის ხე”. ვიმედოვნებ, კიდევ შედგება ჩვენი შეხვედრა ახალი და საინტერესო თემებით. მითუმეტეს, სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის, ბატონი პაატა ექსკლუზიურ ინფორმაციას გვაწვდის თავისი სამომავლო გეგმების შესახებ. მისი მიზანია, ჭადრაკის ფიგურების ფორმის მიცემა ხეებისთვის, რაც ალბათ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს.
სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”
ნინო ქობალია,
ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”
არაჩვეულებრივი სტატიაა ნინო? გილოცავ საყვარელო❤️❤️❤️