- სააპელაციო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ზუგდიდელი გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კვლავ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა გური იმნაძემ დაუდასტურა.
„ჯერ არ გვინახავს ოფიციალურად გადაწყვეტილება და შესაბამისად, დასაბუთება და არგუმენტაცია არ ვიცით ამ გადაწყვეტილების, თუმცა ჩვენი შეფასებით, ცალსახად არ იყო საკმარისი გარემოებები, პირიქით, უფრო საპირისპირო არაერთი გარემოება იყო, მათ შორის, ბრალდებულების მხრიდან ქმედების აღიარება და ასევე, მზაობა ზიანის ანაზღაურებაზე. ამის გათვალისწინებით, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ და სამწუხაროა, რომ სასამართლომ ისევ დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
ჯერ უნდა გვქონდეს კომუნიკაცია ბრალდებულებთან და მაგის მიხედვით გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს სტრატეგია და შემდეგი ნაბიჯები“,- განაცხადა გური იმნაძემ.