დადიანების სასახლის ეზოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლგაზრდული საკრებულოს ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაციების “ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ და „ადამიანი, კანონი თავისუფლებისთვის“ მხარდაჭერით, გაიმართა ღონისძიება „გაცოცხლებული XIX საუკუნე“. მოქალაქეებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ სტენდები იმდროინდელი ეკონომიკის, სპორტის, სოფლის მეურნეობის, სამართლისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ. ასევე დადგმული იყო ისტორიული სცენები ძველი სამთავროდან.
ღონისძიების მონაწილეებმა შეკრებილ საზოგადოებას რამდენიმე სასიმღერო და საცეკვაო ნომრები შესთავაზეს. ასევე, წაიკითხეს ლექსები და გაიმართა ჭიდაობა. შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის ანსამბლმა მაყურებელს ორი ცეკვა წარუდგინა. სასახლის ეზოში ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდების შემოსვლამ უფრო მიმზიდველი გახადა იქაურობა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარემ სესილი შედანიამ, აღნიშნა, რომ „დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ გვსურდა, საზოგადოებაში აგვემაღლებინა თვითცნობიერება და გაფართოებული ყოფილიყო მათი თვალსაწიერი. ახალგაზრდული საკრებულო მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას კვლავ გეგმავს”.