- პლასტმასით გარემოს დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით პირველი აპრილიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის თანახმად, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა.
კერძოდ, იკრძალება პლასტმასის ისეთი მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაცია, როგორებიცაა სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები.
„აღნიშნული რეგულაციის აღსრულებაზე მაკონტროლებელი უწყება – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რეგულარულად განახორციელებს კონტროლს სარეალიზაციო ადგილებზე და თითოეულ დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და, ამავდროულად, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და 2 000 ლარს შეადგენს.”-ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
