- „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საცხოვრებლის დატოვება კონფლიქტების, ძალადობის და დევნის გამო მოუწიათ, რეკორდულად არის გაზრდილი, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.
გაერო-ს მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი გაორმაგდა, რაც ნიშნავს, რომ დედამიწის მოსახლეობის ერთ პროცენტზე მეტი დევნილია. მხოლოდ 250 000-მა ლტოლვილმა შეეძლო სამშობლოში დაბრუნება და მხოლოდ 34 000-მა შეძლო განსახლება მესამე ქვეყნებში.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც მსოფლიოში დევნილთა რიცხვი 100 მილიონს გადააჭარბებს.
პანდემიის შედეგად, მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვი 119 მილიონიდან 124 მილიონამდე გაიზარდა.