- ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქიმიის მასწავლებლებსა და წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ქიმიისადმი ინტერესის გაღვივებას, კონტაქტის დამყარებას ახალგაზრდებს შორის, რათა წაახალისოს თანამშრომლობა და მეგობრობა ქიმიის საზოგადოებაში და მოახდინოს გაერთიანება საერთო პროფესიული ინტერესებისა და გამოწვევების ირგვლივ.
შეხვედრის მხარდამჭერები არიან: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო – ამერიკის ქიმიის საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაცია და ამერიკის ქიმიური საზოგადოების ქართველ სტუდენტთა წარმომადგენლობა.
ღონისძიების საინფორმაციო ნაწილის შემდეგ გაიმართა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტების დემონსტრირება ამერიკის ქიმიური საზოგადოების წევრ ქართველ სტუდენტთა მიერ და გაგრძელდა ვიქტორინით ქიმიაში სკოლის მოსწავლეებისათვის.
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებითა და სერტიფიკატებით.
საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2023 წლის მარტში, სადაც მოწვეული იქნებიან ქიმიის პედაგოგები და მოსწავლეები სრულიად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.