- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე, ქვეყნის მასშტაბით მკაცრ კონტროლს ახორციელებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიანი პატრულირების დროს განსაკუთრებით იმ ტერიტორიებს აკონტროლებენ, სადაც ბოლო წლებში ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები ფიქსირდება.
“კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2500 ლარამდე. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭება.
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა – დაცული), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.”-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
