დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა. „ენმ“-ს ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო მაქინაციებით. მისი განმარტებით, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში, სადაც 144 ოჯახია, დღემდე არ არის დაწყებული დამისამართება.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, გუბერნატორი და დევნილთა სამინისტრო, შეგნებულად აჭიანურებენ ამ პროცესს, რაც იმას ნიშნავს, რომ 500-მდე დევნილი რჩება საარჩევნო ხმის გარეშე და ადგილობრივ არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან, მისი თქმით, დევნილები მიწერილი არიან არა მარტო სამეგრელოს რაიონში, არამედ თბილისში, ქუთაისში და სხვადასხვა ადგილებში. „ენმ“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მოუწოდებს დევნილთა სამინისტროს, დაუყონებლივ დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა და დევნილებს მიეცეს შესაძლებლობა, ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცენ მისთვის სასურველ კანდიდატს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=XZ9fSOrt02U[/embedyt]
თავის მხრივ, წითლიძის ბრალდებებს არ იზიარებენ აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში. უწყების ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავას განმარტებით, ბარამიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები აუცილებლად დაიკანონებენ საცხოვრებელს და ამას სჭირდება ტექნიკური პროცედურა. „თითქოსდა პოლიტიკური ნიშნით არ ვუკანონებთ, სრული აბსურდია, არჩევნებში მონაწილეობას რაც შეეხება, ჩვეულებრივ შეუძლიათ დამატებითი სიით ისარგებლონ და მიიღონ გადაწყვეტილება. ხმის მიცემის პროცედურას ეს ხელს არ შეუშლის აბსოლუტურად.“ კითხვაზე, რატომ მოხდა გაჭიანურება, ჩილაჩავამ აღნიშნა, რომ რეგიონში მუშაობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც დაკანონებაზეა ორიენტირებული.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YgpblJE4jOU[/embedyt]
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მხარის გუბერნატორის პრესამსახურმა აღნიშნა, რომ “წითლიძის განცახდება გუბერნატორთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს, ეს მორიგი სიცრუეა მისი მხრიდან, რაც მიზნად ისახავს სახელმწიფო რწმუნებულის საქმიანი იმიჯის შელახვას. რაც შეეხება რეგისტრაციის, საკითხს გთხოვთ მიმართოთ დევნილთა სამინისტროს”.
წითლიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ აღნიშნა, რომ “ამ სისულელეზე კომენტარს” ვერ გააკეთებს.