- აქამდე ვიცოდით, რომ COVID-19-ის ვაქცინა, ძირითადად, მკლავის კუნთებში შეჰყავთ. თუმცა, ცოტამ ვინმე თუ იცის, რომ ამ ვაქცინის ადმინისტრირება ბარძაყის კუთებშიც არის დაშვებული.
მართალია, ბარძაყის კუნთებში ვაქცინას ცოტა ადამიანი თუ იღებს, თუმცა, ზოგისთვის ის უკეთესიც შეიძლება იყოს. თუ თქვენც ადამიანების ამ ჯგუფში შედიხართ, რომლებიც ქვემოთ არის ჩამოთვლილი, სჯობს, ეს ოფცია სერიოზულად განიხილოთ და ეს საკითხი თქვენს ექიმთან ერთად გადაწყვიტოთ.
ვინ უნდა გაიკეთოს ვაქცინა ბარძაყის კუნთებში?
- პაციენტებმა, რომლებსაც ლიმფოდემის ისტორია ან რისკი აქვთ
ლიმფოდემა ქრონიკული და მტკივნეული მდგომარეობაა, რომლის დროსაც სხეულის გარკვეული ნაწილები სივდება. გასიება მკლავებში უვითარდებათ, მაგალითად, ძუძუს სიმსივნეგადატანილ პაციენტებს, რომლებსაც ქირურგიული ჩარევის დროს იღლიის ქვემოთ ლიმფური ჯირკვლების ამოღება მოუხდათ.
ლიმფური ჯირკვლების ამოღების შემდეგ ორგანიზმში ლიმფის ჯეროვნად ცირკულირების პროცესი შეფერხებულია. ჯირკვლების არსებობის დროს ორგანიზმის ლიმფა ჯირკვლების საშუალებით სისხლში გადადის. როცა ლიმფური ჯირკვლები ამოღებულია, ნარჩენი სითხე მკერდის არეში, ტორსოსა და მკლავებში გროვდება და შესაბამის ადგილებს ასიებს.
მოდერნასა და პფაიზერ/ბიოენტექის ვაქცინების კლინიკური კვლევების დროს, ვაქცინაციის შემდეგ კვლევის ზოგ მონაწილეს ვაქცინაციიდან 2-4 დღის შემდეგ მკლავებისა და ყელის არე დაუსივდა იმ მხარეს, სადაც ვაქცინა გაიკეთეს. ეს ვაქცინის მოკლევადიანი გვერდითი მოვლენა იყო. მოდერნას შემთხვევაში, შესიების მედიანური დრო იყო ვაქცინაციიდან 1-2 დღე, ხოლო პფაიზერ/ბიოენტექის ვაქცინის შემთხვევაში – შესიება საშუალოდ 10 დღე გაგრძელდა.
პაციენტებისთვის, რომლებსაც ლიმფოდემა ან ლიმფოდემის რისკი აქვს, ეს გვერდითი მოვლენა უფრო სერიოზულია. თუ პაციენტს ორივე მკლავზე აქვს ლიმფოდემა, ზოგი სამედიცინო ინსტიტუცია რეკომენდაციას უწევს ჩOVID-19-ის ვაქცინის ბარძაყის კუნთებში მიღებას. ეს გაფრთხილება იმიტომ ხდება, რომ ვაქცინამ, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მკლავები კიდევ უფრო დაუსიოს პაციენტს ან გასიება გააჩინოს იმ შემთხვევაში, როცა ეს არც არსებობდა.
თუ ვაქცინას შევიყვანთ მკლავების კუნთებში და თუკი პაციენტს ამოღებული აქვს ლიმფური ჯირკვლები, შესაძლოა, იმუნური პასუხიც არ იყოს ძლიერი, რადგან ლიმფური სითხის მიმოქცევა შეზღუდულია.
“ლიმფური მატარებლები პასუხს აგებენ უჯრედებიდან არასაჭირო, ნარჩენი სითხის გაწოვაზე. თუ ლიმფური მიმოქცევა მწყობრში არაა, უჯრედები სითხით ივსებიან და სივდებიან – შესაბამისად, ვაქცინის ცირკულირებაც ვერ მოხდება ეფექტურად, “- უთხრა “ნიუ იორკ ტაიმზს” მარკ ჯერკინსმა, რომელიც მინესოტის უნივერტისტეტის სამედიცინო სკოლის იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორია.
შერილ ბრუნელი, ბოსტონის ზოგადი პროფილის ჰოსპიტლის ლიმფოდემიის კვლევის პროგრამის დირექტორი, ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუკი ადამიანი ვაქცინას გაიკეთებს იმ მკლავის კუნთებში, რომელ მხარესაც ლიმფური ჯირკვლები აქვს.
- პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ან ჰქონდათ ძუძუს სიმსივნე
ლიმფური ჯირკვლების შესიება, შესაძლოა, ძუძუს სიმსივნის ნიშანი იყოს. ძუძუს სიმსივნის ისტორიის მქონე ქალს, მოდერნასა ან პფაიზერ/ბიოენტექის ვაქცინის მიღების, შემდე, შესაძლოა შეუსივდეს მკლავი და ეს სიმპტომი სიმსივნის დაბრუნების ნიშნად მიიჩნიოს, ამბობს ბრუნელი.
ამ პოტენციური შედეგების თავიდან არიდების მიზნით, ძუძუს კიბოს პაციენტებმა ვაქცინა, შესაძლოა, მკლავის კუნთის ნაცვლად ბარძაყის კუნთებიდან მიიღონ.
- პაციენტებმა, რომლებმაც მამოგრაფია უნდა გაიკეთონ ვაქცინაციიდან 6 კვირის განმავლობაში
კორონავირუსის ვაქცინებმა, შესაძლოა, ლიმფური ჯირკვლების დროებით გადიდება გამოიწვიონ, რომლებიც მამოგრამზე თეთრი ბუშტულების სახით გამოჩნდება და შესაძლოა, ადვილად შეეშალოთ სიმსივნურ წარმონაქმნში. ძუძუს ექსოსკოპიის საზოგადოება პაციენტებს ურჩევს, რომ ქალებმა რუტინული სკრინინგი/მამოგრამა ან ვაქცინაციამდე ჩაიტარონ, ან მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, ერთი თვის შემდეგ.
ან ვაქცინა ბარძაყის კუნთებში გაიკეთონ.
“ბარძაყის კუნთებში ინექცია დიდად სავარაუდოდ, მკლავების ჯირკვლების შესიებას არ გამოიწვევს,” – ამბობს ექიმი კონსტანც ლემანი, რომელიც მასაჩუსეტსის ზოგადი პროფილის კლინიკის ექოსკოპისტია.
თუ პაციენტს უკვე აქვს დაჯავშნილი მამოგრამა და ასევე ჩOVID-19 ვაქცინა – შეუძლია, ორივე ადგილი შეინარჩუნოს, მაგრამ ძუძუს სკანირების წინ შესახებ შეატყობინოს ექიმებს, რომ ჩOVID-19-ის ვაქცინას იკეთებს.
თუ პაციენტს უკვე აქვს გაკეთებული ვაქცინა მკლავის კუნთებში, რადიოლოგისთვის სიუპრიზი არ იქნება, რომ ლიმფური ჯირკვლები ოდნავ შესიებული დახვდეს ვაქცინირების ადგილას. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, თუკი შესიება ექვს კვირას მეტხანს არ გაგრძელდა ან სხვა კლინიკური ჩვენებები არ არსებობს სიმსივნესთან დაკავშირებით; ამ შემთხვევაში, საჭირო გახდება ძუძუს არეალის მეტად დეტალური დასურათება, ამბობს მის ბრუნელი.
რა ხდება მაშინ, თუკი ბარძაყის ნაცვლად, ვაქცინა მკლავის კუნთებში მიიღეთ?
ექიმები ამბობენ, რომ არ უნდა იღელვოთ, თუკი უკვე მიიღეთ ვაქცინა იმ მხარეს, სადაც ძუძუს სიმსივნე გქონდათ ან იმ მკლავზე, სადაც ლიმფური ჯირკვლები ან საერთოდ არ გაქვთ, ან მცირე რაოდენობით გაქვთ შერჩენილი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინის მიღებაა.
“არ გვინდა იმ ქალების შეშინება, რომლებმაც უკვე მიიღეს ვაქცინა,” ამბობს ექიმი ალფონს ტაღიანი, მასაჩუსეტსის ზოგადი პროფილის ჰოსპიტლის ლიმფოდემიის კვლევის დირექტორი. “შესაძლოა, არც არანაირი პრობლემა არ გაჩნდეს.”
იმისთვის, რომ მეტი გაიგონ ამ მოვლენის შესახებ, ექიმები – ალფონს ტაღიანი და შერილ ბრუნელი მიმდინარე და ყოფილი პაციენტების კვლევას იწყებენ, რათა მეტი გაიგონ COVID-19-ს ვაქცინის გავლენაზე ლიმფური ჯიკვლების არმქონე პაციენტებში; ასევე მეტი უნდა გაიგონ იმაზე, როდის ჩნდება ეს სიმპტომები და რამდენი ხანი გრძელდება. კვლევის შედეგები, მათი აზრით, წლის ბოლომდე იქნება.
ექიმი ტაღიანი სიმსივნის ისტორიის მქონე პაციენტებს ურჩევს, დაუკავშირდნენ ონკოლოგების ჯგუფს: მათ, ვისთანაც იმკურნალეს, თუკი შესიების გარდა, სხვა სიმპტომებიც გაუჩნდათ.
რატომ აკეთებენ ვაქცინას მკლავის კუნთებში?
COVID-19-ის ვაქცინები ისეა შექმნილი, რომ ისინი ადამიანმა კუნთებიდან უნდა მიიღოს. მკლავის კუნთები ვაქცინის შესაყვანად ყველაზე ოპტიმალური და ნაკლებ მტკივნეული ადგილია, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით.
ვაქცინების მიღება სხვა კუნთებშიც შეიძლება. მთავარია, ინექციის ადგილას ახლოს იყოს ლიმფური ჯირკვლები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ასობით არსებობს. ერთ-ერთი ასეთია ბარძაყის კუნთები, სადაც მრავალი ლიმფური ჯირკვალი არსებობს.
ამ ადგილზე ვაქცინის შეყვანამ უკვე აჩვენა კარგი შედეგები, იმუნიტეტის გაძლიერების თვალსაზრისით.
ლიმფური ჯირკვლები “კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმუნური პასუხის გამოსამუშავებლად,” – ამბობს აკიკო ივასაკი, იელის უნივერსიტეტის იმუნობიოლოგიის პროფესორი.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ვაქცინა კუნთებში მოხვდება, მისი გადატანა ხდება უახლოეს ლიმფურ ჯირკვალში. იქ ვაქცინას სპეციალური უჯრედები იღებენ, რომლებიც, თავის მხრივ, ვაქცინას სისხლის თეთრ უჯრედებს, ანუ ლიმფოციტებს, გადასცემენ, რომლებიც იმუნური T და B უჯრედების სახელით არის ცნობილი. ამის შემდეგ ვაქცინა “აიძულებს” ამ უჯრედებს ან მკვლელი უჯრედები გახდენენ, რომლებიც მოძებნიან და გაანადგურებენ კორონავირუსით დაზიანებულ ადამიანის უჯრედებს, ან ანტისხეულების გამომუშავებას დაიწყებენ.
ათწლეულების წინ ვაქცინა საჯდომ კუნთებშიც შეჰყავდათ. ახლა კი მეცნიერებს ესმით, რომ საჯდომი კუნთების ცხიმოვანი ფენა საკმაოდ სქელია იმისთვის, რომ ვაქცინამ მარტივად მიაღწიოს კუნთებამდე და ლიმფურ ჯირკვლებამდე, რაც ხელს უშლის იმუნიტეტის ეფექტურ ჩართვას ვაქცინის მუშაობაში.
ვაქცინას საჯდომის კუნთებში იმიტომაც არ აკეთებენ, რომ თავიდან აიცილონ საჯდომის ნერვის დაზიანება.
სტატიის წყაროა ამერიკული გამოცემა “ნიუ-იორკ ტაიმზის” მასალა – DO I Have to GAt The Covid Vaccine in my Arm?