- ჰაერის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო, ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა. აისბერგის, სახელად B49-ის ფართობი, საერთო ჯამში, 200 კვადრატული კილომეტრი იყო, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ნაწილებად იშლება, უკვე გამოეყო ყინულის რამდენიმე ნაწილი, შედეგად შედარებით მცირე ზომის აისბერგები წარმოიქმნა, ხოლო დარჩენილი, ყველაზე დიდი აისბერგის ფართობი ამ ეტაპზე 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
მისი სისქის ზუსტ ზომას მეცნიერები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე ასეული მეტრია. აისბერგი მოძრაობს და მოსალოდნელია, რომ მალე ოკეანეს შეუერთდება. გიგანტური აისბერგი ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილს გასულ შაბათ-კვირას მოსწყდა და ეს მოვლენა “ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ“ სატელიტიდან დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ყინულის ამ ნაწილის მოძრაობა ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში შენიშნეს და პროცესს აკვირდებოდნენ, ახლა კი, საბოლოოდ გამოეყო გაყინულ კონტინენტს.
სატელიტიდან გადაღებული ფოტოებიდან ჩანს აისბერგის ზომა, ასევე მისი მოძრაობის მიმართულება და ის ნაწილები, რომლებიც უკვე გამოეყო.
როგორც National Geographic წერს, მეცნიერები შიშობენ, რომ ეს მოვლენა, შესაძლოა, ერთგვარი პრელუდია იყოს კიდევ უფრო დიდი დესინტეგრაციის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალი აისბერგების გამოყოფის, რასაც, თავის მხრივ, გაყინულ კონტინენტზე კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები იწვევს.