- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღონისძიებების შემსუბუქებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაითავისონ.
“შემსუბუქების პერიოდში, ჩვენ კიდევ ერთხელ, ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი, თითოეულის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ თითოეულმა უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ძალიან კარგია, რომ აქ ვინც ბრძანდებით, ხართ პირბადეებით, რადგან ბევრნი ხართ და არ გაქვთ დაცული 2-მეტრიანი დისტანცია. კარგია, რომ პირბადეს იყენებთ და უმრავლესობა სწორად იყენებთ. ყველას მოვუწოდოთ, ადამიანებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მობილობა სერიოზულად გაიზარდა ქვეყანაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, – მეტრო, ავტობუსი, სამარშრუტო მიკროავტობუსი და ასე შემდეგ, აუცილებელია პირბადის ხმარება.
პირდაპირ პროცენტს გეტყვით. თუ მე ვარ ინფიცირებული და მიკეთია პირბადე და თქვენ ხართ ჩემთან ერთად, ჯანმრთელი და ორივეს გიკეთიათ პირბადე, ალბათობა იმისა, რომ არ გადაგედოთ ინფექცია, არის 95 პროცენტი. ანუ, მაღალი დაცულობა აქვს პირბადეს, როცა ორივეს გვიკეთია. თუ ერთს გვიკეთია და მე ვარ, ვთქვათ, ინფიცირებული და თქვენ არა, მაშინ ეს ალბათობა დაიწევს, სადღაც 55 პროცენტამდე. ამიტომ ეს მარტივი დაცვისა და თვით დაცვის საშუალება, ძალიან გთხოვთ, რომ ყველამ ვატაროთ. მესმის, რთულია სიცხეში. გუშინ, გავისეირნე ქუჩებში, პარკში ვნახე, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს დისტანციას და არ იყენებს პირბადეს. ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა ვიხმაროთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5-6-7-10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეში, აუცილებელია გარეთ ხმარებაც, რადგან ინფექცია ქვეყანაში არის, მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.