- ამ სამყაროში მეორეჯერ მოხვდა “ზუგდიდელები”. უკვე შინაურად გვთვლიან. თბილად გვხვდებიან. იხსნებიან და თავიანთ ფიქრებს გვანდობენ.
რომ მივედით, ფსიქოლოგის საათი ჰქონდათ, ხატავდნენ, აფერადებდნენ. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უკეთეს ფერებს შეარჩევდა. თან იხსენებდნენ გასული კვირის ექსკურსიას ქუთაისში. ბატონი ელგუჯა კვარაცხელია ამბობს, ბავშვებივით ვიყავითო, ვიმხიარულეთო. აშაკარაა, ერთად ყოფნა უნდათ და უხარიათ. მათ ბიოგრაფიაში ბევრია სევდა, მაგრამ ერთმანეთის მოსაფერებელ სიტკბოს და სიტყვებს არ იშურებენ.
ვერ წარმოუდგენიათ ერთმანეთის გარეშე. საიდულოდ გაგვანდეს, ვალენტინობისთვის საღამო უნდა ჩაატარონ. პროგრამას ადგენენ. ბჭობენ, სად ჩაატარონ, აქ ადგილზე, თუ უფრო დიდ დარბაზში გადაინაცვლონ.
მარტოხელა ხანდაზმულთა ცენტრი “თანაზიარის” პროექტია და თებერვლის დასასრულს ამოწურავს საქმიანობას. საუბარია იმაზე, რომ ცენტრი გააგრძელებს არსებობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით, მაგრამ თავად ბენეფიციარებს რატომღაც ეეჭვებათ. მარტო ფართი რომ დაგვიტოვონ ეს არ არის საკმარისიო. აქ ისეთი კვება გვაქვს, ისეთი თანადგომა, ისეთი პროფესიონალების მზრუნველობის ქვეშ ვართ, ნამდვილად დაგვაკლდება მათი ხელიო.
ცენტრის თანამშრომლებიც შეეჩვივნენ ხანდაზმულ ბენეფიციარებს. ცენტრის კარებს შემოაღებენ თუ არა ხანდაზმულები, ხვდებიან, ვინ რა განწყობით მოვიდა და იწყება ზრუნვა მათი დღის გასალამაზებლად.
ნანა ქირია, ფსიქოლოგი:”ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც ფიზიკურად, ისე თავიანთი ბუნებით. ესენი არიან ის ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება, ამ ასაკში ამოდგომა. მათ აქვთ გამოვლილი ბევრი გაჭირვება და დღესაც განიცდიან მხარდამჭერის ნაკლებობას, ამიტომ პროექტი “ხანდაზმულთა დღის ცენტრი” აძლევს ამ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ მათ აქ გატარებული დღეებით შეივსონ ის დანაკლისი, რაც არის მათ სულიერ სამყაროში. აქ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შვილები ჰყავთ დაკარგული, არიან ადამიანები, რომლებიც არიან აფხაზეთიდან გადმოსულები 90-იან წლებში, ასე, რომ ამ ადამიანებს ბევრი გაჭირვება აქვთ გადატანილი. ამიტომ ჩვენს მიერ, მათ მიმართ მხარდაჭერა ეს არის ძალიან დროული, სასარგებლო და საჭირო. ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ხანდაზმულებთან ეს არის “არტ თერაპია”, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს მათ სულიერ სამყაროზე. ნელ-ნელა ყველა გაიხსნა. ყველა ერთმანეთს დაუახლოვდა, გახდნენ მეგობრები და ალბათ, თავიანთი სიცოცხლის ბოლომდე აქ გატარებული დღეები მათთვის იქნება ტკბილად მოსაგონარი”.
ლელა ჯანაშია, ექთანი: “ისინი მიზიარებენ თავიანთ წუხილს, ტკივილს, თითოეული მათგანის დაავადების ისტორია ვიცი. რა წამალი, რა დროს სჭირდებათ. ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ ის ტკივილი, რაც მათ აწუხებთ”.
ნანა შონია, ხანდაზმულთა დღის ცენტრის მენეჯერი:
,,ზუგდიდელებმა” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს კონსტანტინე კაკავას სთხოვა განემარტა, მერია დაინტერესებულია თუ არა მარტოხელა ხანდაზმულების ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელებით. კაკავა ამბობს, რომ მერიისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ხანდაზმულებზე ზრუნვა, იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვინც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას საზოგადოების მხრიდან. “ხანდაზმულთა დღის ცენტრი გააგრძელებს საქმიანობას. მუნიციპალიტეტის მერიას აქვს, შესაბამისი თანხები გათვალისწინებული ბიუჯეტში და ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს ამ ცენტრის ფუნქციონირებას”,- ამბობს ის. ეს სტრიქონები ალბათ დიდი იმედი გახდება ცენტრის ბენეფიციარებისთვის. იმედი, რომ მშვიდ დღეებს გააგრძელებენ მეგობრებთან ერთად, იმედი, რომ საზოგადოება, სამთავრობო თუ არასამთავრობო ჯგუფები ისევ გააგრძელებენ მათზე ზრუნვას, იმედი, რომ ამ ქვეყანაში ხანდაზმულთა სიცოცხლე მნიშვნელივანია.
თებერვალი მოკლე თვეა, მალე გაზაფხული მოვა. ,,ზუგდიდელების” სურვილია, ცენტრში მესამე ჯერზე სტუმრობისას, ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელებით გახარებულები შეგვხვდნენ ხანდაზმული ბენეფიციარები.
ე. ფარულავა
ნ. მიქავა