დღეს, ზუგდიდელების გარკვეული ნაწილი ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბა. მათ გაიხსენეს 1991 წლის 22 დეკემბერი, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოში სამოქალაქო ომი და მოხდა მაშინდელი ხელისუფლების დამხობა – პუტჩი. ამ დღეს ძმის ბრმა ტყვიას შეეწირა ორი ზუგდიდელიც.
„არ არის საქართველოში ოჯახი, რომელმაც არ იცოდეს რა სიავემ დაიდო სათავე 22 დეკემბერს. ამ დღეს ტყვია ესროლეს საქართველოს, საფუძველი დაუდეს ქვეყნის დაქუცმაცებას, დაამხეს კანონიერი ხელისუფლება. ეს ის მწარე რეალობაა, რომელიც არასდროს არ უნდა დაბრუნდეს“- განაცხადეს შეკრების ინიციატორებმა.