- ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები დააჯილდოვა.
შესაბამისი განკარგულება ეროვნულ სამართლებრივ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.
როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, სიაში 300-ზე მეტი სახელია, მათ შორის არის წინასწარი დაკავების იზოლატორების რამდენიმე თანამშრომელი.
ლუკაშენკოს განკარგულება 13 აგვისტოთია დათარიღებული, ის სამართლებრივ პორტალზე 18 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტით, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.
დემონსტრაციების დროს დააკავეს ათასობით ადამიანი, ორი მომიტინგე გარდაიცვალა, ასობით კი დაშავდა. ბელარუსის პროკურატურის ცნობით, 122 ადამიანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.