- „ზუგდიდელები“, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ხშირი სტუმარია. შეიძლება ითქვას, არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აქ ხორციელდება, ჩვენი ყურადღების მიღმა არ რჩება. ბოტანიკურ ბაღში ჩვენი მორიგი სტუმრობისას შეუნიშნავი არც ლამაზად მოვლილი „აგავის კუთხე“ დაგვრჩენია. მისი ავტორი ბაღის დეკორატორი ნონა კურდღელიაა.

ნონა კურდღელია აგრონომ დეკორატორის პროფესიას სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში დაეუფლა. წლებია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს.
ნონა კურდღელია: „ყოველთვის მიყვარდა მცენარეები. მათზე ზრუნვა, ყურადღება და მოფერება. ერთი შეხედვით ვცნობ მცენარეს რა სტკივა, რა აწუხებს. შემდეგ ვეძებ გზებს, მათ განსაკურნებლად. ვესაუბრები, როგორც ადამიანებს, – ისინიც ხომ ცოცხალი ორგანიზმები არიან… ჩემი პროფესიის არჩევაც ამან განაპირობა. სანამ ბოტანიკურ ბაღში მოვიდოდი, სტუდენტობის შემდეგ, გამოცდილება ახალსოფლის კოლმეურნეობაში მივიღე,-კოლმეურნეობას მაშინ ბატონი კლიმენტი კიკალიშვილი ხელმძღვანელობდა. შემდეგ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ვასწავლიდი მცენარეების მოვლას, გარკვეული პერიოდი ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვეწეოდი, მაგრამ მცენარეების სიყვარულმა მაინც თავისი გააკეთა და დღეს აქ ვარ, ზუგდიდელების საყვარელ ბოტანიკურ ბაღში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაღში თითოეული მცენარე – ხე, თუ ბუჩქი, მიყვარს, თითოეული კუთხე-კუნჭული მოვლილი და შესწავლილი მაქვს, მაინც მაქვს გამორჩეული კუთხე და მყავს გამორჩეულად საყვარელი მცენარეები. ამ ადგილს, მე “აგავის კუთხეს” ვეძახი, მაგრამ ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები “ნონას კუთხეს” ეძახიან, რადგან მე ავიღე საკუთარ თავზე ბოტანიკური ბაღის ამ ტერიტორიისთვის ახალი სიცოცხლის და სილამაზის მინიჭება.

რა თქმა უნდა, ჩემს ჩანაფიქრს დირექტორმა შალვა აგუმავამ მხარი დაუჭირა და გვერდში დამიდგა ჩემი ნააზრევის განხორციელებაში. ამ ტერიტორიის ათვისებაში გვერდზე მედგა და მუხლჩაუხრელად მუშაობდა ბაღის აგრონომი ბატონი პაატა თოდუა, ასევე ბაღის თანამშრომლები: ირაკლი თოდუა და გიორგი კალანდია. ბაღში სოციალური პროგრამით მომუშავე პიროვნებები: ჟანა ფიფია, ნინო იზორია, აბიკო სოსელია, კარლო მორცხულავა და ვლადიმირ გაგუა. ეს ადამიანები, რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ ვერ შევძლებდი ამ მიზნის განხორცილებას. საქმიანობას დიდი მონდომებით შევუდექით. თავიდან, ეს ადგილი, აუთვისებელი და ჭაობიანი იყო. ნიადაგი თითქმის არ იყო და არც მეგონა, რომელიმე მცენარე თუ გაიხარებდა. თითქმის ორი წელი დასჭირდა ამ ტერიტორიის მოწესრიგებას.

ბოტანიკურ ბაღში ჩემი ძირითადი მოვალეობების შესრულების შემდეგ, ყოველდღე, მოვდიოდი აქ, ვასუფთავებდი აქაურობას, ხან რას ვეზიდებოდი და ხან რას. თუ თავიდან ეჭვი მეპარებოდა, ნიადაგის მომზადებისა და გამდიდერების შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, აქ დარგული ყველა მცენარე გაიხარებდა. ასეც მოხდა. ყველა მცენარემ იხარა, არცერთი მათგანი არ გამხმარა. ამ კუთხისთვის, მხოლოდ „ლოროპეტალუმი“ შევიძინეთ, დანარჩენი ზუგდიდელებმა შემოგვწირეს. ქედს ვიხრი, შემომწირავი ადამიანების წინაშე, მათი წყალობით კუთხეს სიცოცხლე შეემატა.

უკვე აქაურობას მარტო „აგავები“ კი არა, ამშვენებს “მტირალა ტირიფი”, “ფოტინია”, ტროპიკული მცენარე “კანა”, “ცხრატყავა”, “ხეტუხტი“, ორი სახეობის “დრაცენა“.

ვფიქრობ, აქაურობას მოუხდება და უფრო ესთეთიკურს გახდის მყვირალა ბუჩქები. ამ კუთხის სრულყოფა გაგრძელდება ნელ-ნელა, თანდათანობით დაიხვეწება და დარწმუნებული ვარ, ბოტანიკური ბაღის სტუმრების მოწონებას დაიმსახურებს.”




