- კომპანია Tesla-ს ლიდერმა ილონ მასკმა ტვიტერზე გამოაქვეყნა მომავლის ფაბრიკის კომპიუტერული მაკეტი. მასზე გამოსახულია ვიზუალიზაცია Gigafactory 4 – ისა, რომელიც 2021 წელს გაიხსნება გერმანიაში. მშენებლობა დაგეგმილია ბერლინიდან 40 კილომეტრის დაშორებით აეროპორტ ბერლინ-ბრანდებურგის გვერდით. Tesla-ს მსგავსი გიგაფაბრიკები უკვე არსებობს ნევადაში, ნიუ-იორკსა და შანხაიში. როგორც ჩანს, ახლა უკვე ევროპის რიგი დადგა…
ქარხანა-გიგანტი Gigafactory Berlin Brandenburg Tesla გაიხსნება 2021 წელს და გახდება სრული ციკლის პირველი საავტომობილო ქარხანა ევროპაში. იქ მოხდება აკუმულატორების დეტალების, Tesla-ს ტრანმისიების და Tesla-ს Model Y კრასოვერების წარმოება. მასკის განცხადებით, იგეგმება წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ავტომობილის გამოშვება.
”გიგაფაბრიკა 4”-ის აშენების შესახებ ილონ მასკმა განცხადება გააკეთა 2019 წელს, ხოლო 2020 წლის ივნისში დაიწყო ქარხნის მშენებლობა, რომელიც 300 ჰექტარ ფართობზე იქნება გადაჭიმული.
კომოპიუტერულ ვიზუალიზაციაზე ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ორსართულიან შენობას, რომელიც შედგება რამდენიმე ბლოკისაგან. შენობის სახურავზე აუზები და ტერასებია მოწყობილი, მკაფიოდ ჩანს აგრეთვე მზის ბატარეები. მაკეტზე არ ჩანს ფაბრიკის მილები. ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ისინი საგულდაგულოდაა დამალული და შენიღბული.
აღსანიშნავია, რომ მეგაფაბრიკის მშენებლობა ამა წლის იანვარში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის დროებით შეჩერდა იმის გამო, რომ ეკოლოგიურმა ორგანიზაცია ” ბრანდებურგის მწვანე ლიგამ” საჩივარი შეიტანა სასამართლოში ფაბრიკის მშენებლობის ადგილზე გაჩეხილი ნაძვის ტყის გამო. “ტესლამ” პირობა დადო, რომ ფაბრიკის შემოგარენში იმაზე სამჯერ უფრო მეტ ხეს დარგავს, ვიდრე მშენებლობისთვის იქნა განადგურებული.
მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ფაბრიკა 150 000 ელექტრო ავტომობილს გამოუშვებს, ხოლო მომდევნო წლიდან ეს რიცხვი 500 000-მდე გაიზრდება.