ზუგდიდიში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებაში, უკვე ორი დღეა მიმდინარეობს მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, უმტკივნეულო და უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე ელემინაციის ორკვირიანი პროგრამაის ფარგლებში.
როგორც ცენტრის სამეგრელო ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა ანზორ ქობალიამ უთხრა ,,ზუგდიდელებს”, ამ დროისათვის, C ჰეპატიტზე ტესტირება ჩაიტარა (მარტივი სწრაფი ტესტით) 145 მოქალაქემ, მათ შორის ც ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა 31 ადამიანი.
ცენტრი, ყოველდღე, ორი კვირის განმავლობაში, დილის 10 საათიდან საღამოს ხუთ საათამდე მიიღებს მოქალაქეებს. შესაძლებელია დღეში 60-70 ადამიანის სკრინინგი.
მიმდინარეობს მოლაპარაკება იმასათან დაკავშირებით, რომ ლაბორატორია ჩავიდეს სოფლებში და მოქალაქეებს ადგილზე ჩაუტარდეს გამოკვლევა.
მოქალაქეთა ინტერესი სკრინინგისადმი ნორმალურია, მაგრამ პირველი ორი დღე უფრო იმ მოქალაქეებმა მოაკითხეს ცენტრს, ვისაც უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ C ვირუსის მატარებლები იყვნენ.
იმ დროს, როცა ,,ზუგდიდელები” იმყოფებოდნენ ცენტრში და თავადაც როგორც რიგითი მოქალაქეები იტარებდნენ სკრინინგს C ვირუსის მატარებლობაზე, ცენტრს ესტუმრა საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი რამაზ ურუშაძე, რომელიც აწარმოებდა ცენტრების მუშაობის მონიტორინგს. მისი თქმით, სასიამოვნოა ის, რომ საქართველო ორგანიზაციული თვალსაზრისით მზად აღმოჩნდა ასეთი ფართომასშტაბიანი აქციის ჩასატარებლად.