- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, “B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
“ცვლილებების მიხედვით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლას, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღის შემდეგ შეძლებს. ამასთან, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის ღირებულება განისაზღვრება 160 ლარით და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან, მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე გავიდეს.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე, 15 წუთით ადრე”.-ნათქვამია ინფორმაციაში.