ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა ზუგდიდის მუნიციპლიტეტიდან დათხოვილი საჯარო მოხელეების ქეთევან ტაბაღუას და მაია ღურწკაიას საქმეები. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების ყოფილი უფროსის ქეთევან ტაბაღუას საქმე.
მოსამართლე გოჩა აბუსერიძის გადაწყვეტილებით, ყოფილ საჯარო მოხელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე, თუმცა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ქეთევან ტაბაღუას განაცდურის აღდგენა. რაც შეეხება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს მაია ღურწკაიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მან ხელმეორედ უნდა ჩააბაროს გამოცდა. ყოფილი საჯარო მოხელეები არ იზიარებენ მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და უზენაეს სასამართლოში აპირებენ ჩივილს. ქეთევან ტაბაღუამ „ზუგდიდელებთან“ აღნიშნა, რომ სასამართლოსგან ელოდა ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან, მისი თქმით, “ქვეყანაში, სადაც მურუსიძეები, მანანა კობახიძე და ეკა ბესელია არიან სამართლის მესვეურები, რა თქმა უნდა, სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა”. ქეთევან ტაბაღუას განმარტებით, სხდომა ჩატარდა ძალიან ობიექტურად, სამართლის ჩარჩოებში და ის ფიქრობს, რომ ეს აპრობირებული მეთოდია, რადგან სასამართლოები ზედმეტი ხმაურისგან იცავენ თავს. „ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, ექნება თუ არა შედეგი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არ დავნებდეთ და არ ჩავიქნიოთ ხელი, იმიტომ, რომ სიმართლისთვის ბრძოლას, საერთოდ, ყოველთვის აქვს აზრი“. მისი თქმით, ხელისუფლების ყველა სფერო უზურპირებულია, დღევანდელი სასამართლო ხელისუფლების წნეხის ქვეშაა და ამით ხელისუფლებამ თავის თავს უკვე გამოუტანა განაჩენი. ასე გაგრძელება შეუძლებელია, ასე დიდხანს არ გაგრძელდება. იმედი მაქვს, შეიცვლება დღევანდელი ხელისუფლება, ნაც-ქოც ბანდა, რომელიც მალე დაასრულებს თავის არსებობას და მალე პოლიტიკურ სანაგვეზე მოექცევა“. ყოფილი საჯარო მოხელის განმარტებით, ის პოლიტიკურ ბრძოლას აპირებს.” სხვა გზა არ რჩება იმიტომ, რომ სამართალი არ არის. სამართლით მოსული ხელისუფლება, რომელსაც სამართალი უნდა აღედგინა, პირიქით, უარესი უსამართლობების მსხვერპილი გავხდით. ჩვენ ვიყავით მებრძოლები, ჩვენს ნაბრძოლზე მოვიდა ეს ხელისუფლება, რომელიც ჩაეფლო არნახულ კორუფციაში. საჭიროა, დროულად, მოხდეს ხელისუფლების ცვლილება უკეთესობისკენ“