დევნილების სააპლიკაციო ქულების მონიტორინგი რაიონულ საავადმყოფოში


რაიონულ საავადმყოფოში განსახლებულ დევნილებთან, რომლებსაც მაღალი სააპლიკაციო ქულები მოუვიდათ, გადასამოწმებლად მონიტორინგის ჯგუფი მივიდა.  მოშიმშილე დევნილების თქმით, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია შიმშილობენ საავადმყოფოს ეზოში, სპეციალურად გაშლილ კარავში, აცხადებენ, რომ  მონიტორინგთა სამსახურს მათთვის არც მოუკითხავს.

მონიტორინგის სამსახური მივიდა დევნილ, მარტოხელა დედასთან ნინო შონიასთან, რომელიც 25 წელია ამ შენობაში ცხოვრობს. მისი თქმით, ადრე, აპლიკაცია შეავსო და  შვიდ ნახევარი ქულა მოუვიდა, უთხრეს, ბინა გადმოგეცემაო, მიულოცეს, კიდეც, მაგრამ…

„ახლა ათი ქულა მომივიდა, მეუბნებიან, ბინა მოგეცემაო, ვნახოთ. თქვენც ხედავთ, აქ როგორი მძიმე და  რთული პირობებია საცხოვრებლად’’,- ამბობს მარტოხელა დედა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bovQXX-WLHY[/embedyt]

სარეიტინგო ქულის გადამოწმებას ითხოვს  დევნილი ხატია ოყუჟავა, რომელსაც შვიდი ქულა აქვს. ის მეუღლესთან, ორ მცირეწლოვან ბავშვთან და ავადმყოფ, 79 წლის, დედამთილთან ერთად, ერთ პატარა ოთახში 22 წელია ცხოვრობს. „უბრალოდ, არაფერს ვითხოვ, გადაამოწმონ, შვიდი ქულა აკმაყოფილებს თუ არა ჩვენს საცხოვრებელ პირობებს, არ ვითხოვ დღეს, ან ხვალ მომცენ ბინა. აქ ოთახებს აწვიმს, იატაკი ჩანგრეულია. შარშან ოთხ ნახევარი ქულა მომცეს, წელს ოთხი ქულა მომივიდა, ის ნახევარი ქულაც დამაკლეს, მოგვიანებით, გავასაჩივრე. ჩილაჩავამ კომისია გამომიყო, შეამოწმეს და სამი ქულა დამიმატეს, ამაზე მეტი არ გვეკუთვნოდა? ინვალიდ ქალს ერთი ქულა დაუმატეს. ჩილაჩავამ მითხრა: ის ინვალიდი არ არისო, უბრალოდ სიარული არ შეუძლიაო. ჩემი მეუღლე ომის ვეტრანია, ესეც არაფერს ნიშნავს? ქულები არაობიექტურად არის განაწილებული. სამმართველოს ხელმძღვანლის მანუჩარ ჩილაჩავას მამამთილს და მაზლს  12 და 13 ქულა აქვთ და მე ამ შენობაში მცხოვრებს შვიდი ქულა მაქვს. ამის შემდეგ, რა ობიექტურობაზეა საუბარი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=H3gOymT762k[/embedyt]

ცხრა ქულა აქვს მოშიმშილე დალი შონიას, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობს. ის უნდობლობას უცხადებს სამმართველოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას და აცხადებს, რომ გადაეცეს ბინა. „მე ცხრა ქულა მაქვს, მონიტორინგი ჩემთან არ მოსულა გადასამოწმებლად,  ჩემს მეზობელთან მივიდნენ და მე ისე დამტოვეს, შარშანაც ასე მოხდა’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=q86F_E2fmMA[/embedyt]

მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან კომენტარზე უარი განაცხადეს და სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართეს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს დევნილებისთვის მინიჭებული პირველადი ქულების გადამოწმება. მოგვიანებით, მონიტორინგის სამსახური  დოკუმენტაციას მიაწვდის კომისიას და კომისია დაიწყებს მუშაობას თუ რამდენად ობიექტურად შეივსო განაცხადი.

მონიტორინგთა მუშაობას თვალს მიადევნებდნენ “მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრები და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრი.

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!