ააიპ “ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს-პედაგოგი ელისო ყალიჩავა, რომელიც სამი წლის განმავლობაში მუშაობდა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში მთავარ მეთოდისტად.
ელისო ყალიჩავა: ”დავიბადე 1976 წელს ზუგდიდში, დავამთავრე ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 2011- 2012 წლებში ვმუშაობდი ქალაქ ზუგდიდის #1 საჯარო სკოლაში. 2014 წლიდან ვმუშაობ ქალაქ ზუგდიდის ააიპ “სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში’’. 16 იანვარს დავინიშნე ცენტრის ხელმძღვანელად. ქალბატონმა მარინა კვიკვინიამ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა ჩემი კანდიდატურა მერიამ წარადგინა. მე ამ სფეროში მუშაობის გარკვეული ცოდნა და გამოცდილება მაძლევდა იმის უფლებას, რომ დავთანხმებულიყავი ამ ადგილზე მემუშავა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღია. უმრავლესობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, რაც ფართის სიმცირის პრობლემას ქმნის. ბაღებში კონტინგენტი დიდია და ბავშვები ჯგუფებში ვერ ეტევიან. ზოგიერთ ბაღში ფართის არ ქონის გამო, აღსაზრდელები ერთ ოთახში ვიწროდ არიან მოთავსებულნი. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, დევნილთა სამმართველოს რამდენჯერმე მივმართეთ. ქალაქის მერი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში და ეს საკითხი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. როგორც ცნობილია, დევნილთა გამოსახლება მოხდება ბაღებიდან მას შემდეგ, როცა მათთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება, რაც გარკვეულ ეტაპებთანაა დაკავშირებული. მე ყველა დევნილს პატივს ვცემ, მესმის მათი ტკივილი და განწყობა, მაგრამ… ახლა ბაღებში ზამთრის არდადაგებია. უპირველესია, კვების პროდუქტების დროულად მიწოდება საბავშვო ბაღებისათვის, რადგან 1 თებერვალს ახალი სასწავლო წელი იწყება. ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი გახლავთ ასევე, აღმზრდელი პედაგოგების და თანამშრომლების გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა #10, #12, და #13 საბავშვო ბაღებს. კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება #4 საბავშვო ბაღს. ვაპირებთ #2 საბავშვო ბაღის აშენებას, რომელიც განთავსდება ავტოსადგურის ტერიტორიაზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე საბავშვო ბაღის სამზარეულოს.
ჩვენ, მობილური ჯგუფები, ერთგვარ მონიტორინგს ვახორციელებდით საბავშვო ბაღებში. ვეცნობოდით ბაღებში არსებულ მდგომარეობას. მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ეს მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება, უშუალოდ მეც მივიღებ მონაწილეობას, შევამოწმებ როგორი მდგომარეობაა, როგორ ვმუშაობთ და რა ხარვეზები გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რომელიც კონტროლს გვიწევს და მეტ წილად ეს შეეხება კვების ბლოკს. გვაქვს სპეციალური სანიტარული სითხეები, რომლითაც ბაღებში ხდება დასუფთავება იატაკის, მაგიდების, ნებისმიერი სამუშაო იარაღების რითაც მუშავდება პროდუქტები.
– ქალბატონო ელისო, როგორ შეაფასებდით თქვენი წინამორბედის საქმიანობას?
– ქალბატონი მარინა თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მან ძალიან კარგად იცოდა ეს სფერო და უყვარდა ამ საქმის კეთება. მისი თაოსნობით, ბაღებში ბევრი ღონისძიებები, აქტივობები და პროექტები განხორციელდა. წლის ბოლოს ტარდებოდა სკოლამდელი კვირეული, მხიარული სტარტები, პროექტში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენი აღსაზრდელები, გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემოდა თასები, სიგელები და მედლები. შეხვედრებზე მოწვეული გვყავდა სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები. იქ შეეძლო ადამიანს ენახა თუ რამდენ შრომას დებენ აღმზრდელები და როგორ არიან ჩვენი აღსაზრდელები განვითარებულნი. ეს ერთგვარი ანგარიში იყო ჩვენი სამსახურის მუშაობის. ამბობენ ვინც ბევრს მუშაობს მას მოსდის შეცდომებიო, შეიძლება შეცდომები გაპარულიყო კიდევაც, მაგრამ მთავარია ეს გამოსწორებადი იყოს. ქალბატონ მარინასთან მუშაობა სასიამოვნო იყო. მან ბევრ მნიშვნელოვან საქმეებს ჩაუყარა საფუძველი.
-კოლექტივი როგორ შეხვდა ახალ ხელმძღვანელს, აპირებთ თუ არა საკადრო ცვლილებების განხორციელებას?
– ჩვენ კარგი, ძლიერი და შრომისმოყვარე გუნდი ვართ. ადმინისტრაცია 15 კვალიფიკაციური კადრითაა დაკომპლექტებული და თითოეულმა მათგანმა იცის თავისი საქმე. საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ ვაპირებ, მიმაჩნია, რომ აქ არავინაა ზედმეტი. საქმე ბევრია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩემი კოლეგები დაუღალავად მუშაობენ იმისათვის, რომ ჩვენი აღსაზრდელები იყვნენ კარგ გარემოში, მათ დროულად მიაწოდონ ის საჭირო სახელმძღვანელოები,რაც მათი წინსვლისთვის და განვითარებისთვის იქნება აუცილებელი.
-გაგვაცანით თქვენი ოჯახი...
-მეუღლე კახაბერ დარასელია პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. მუშაობს ეროვნულ სატყეო სააგენტოში რეინჯერის პოზიციაზე. გვყავს ორი ქალიშვილი. უფროსი სალომე-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, უმცროსი ქალიშვილი ელენე #1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ