ჯაბუების ოჯახი, თქვენგან, სიკეთეს და სითბოს ელოდება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლხიდაში მცხოვრები ჯაბუების მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი პატარა ხის სახლში ცხოვრობს, რომელიც ნათესავმა დროებით დაუთმო ოჯახს წლების წინ. მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე „ზუგდიდელები’’ ადრეც წერდა.

ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. მათი შემოსავალი 396 ლარს შეადგენს, რომელიც  სოციალური დახმარებიდან ერიცხებათ. ჯაბუების ოჯახში ექვსი ბავშვი იზრდება. დიასახლისი თამარ ცირდავა „ზუგდიდელებს ’’ დაუკავშირდა და გვითხრა, რომ  შესაძლოა, ზამთარს მათმა სახლმა ვერ გაუძლოს და დაინგრეს, ოჯახს არც შეშა აქვს და მეზობლების იმედად არიან დარჩენილები. თამარ ცირდავას თქმით, მან დასახმარებლად მიმართა გამგეობის სოციალური  დაცვის განყოფილებას.

თამარ ცირდავა: „ სახლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მეშინია, არ ჩამოინგრეს და ბავშვები არ დაზიანდნენ. ოთახებში სინესტეა, კედლები გაბზარულია და ამორტიზირებული. სახლი ჩვენი არ არის და შესაძლოა მალე მოგვიწიოს დატოვება. სოფლის გამგებელთან ერთად, ვიყავით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსთან ბატონ გოგი რევიასთან, რომელსაც ვთხოვე დახმარება. ბატონმა გოგიმ გვირჩია, რომ გამგეობაში არსებობს სოციალურად დაუცველთა პროგრამა და იქ შემეტანა განცხადება, მაგრამ როგორც ვიცი, ეს პროცედურები გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული. ამის გარდა, შეშის საყიდელი ფული არ გვაქვს. მეზობლებს ეცოდებათ ბავშვები და შეშას გვჩუქნიან, არ ვიცი, ასე სანამდე ვიქნებით”,- გვითხრა ქალბატონმა თამარმა’’.

ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ მათ ყველაზე დაბალი 1000 ქულა აქვთ. შეშის ნაცვლად, საახალწლოდ გამგეობისგან ერთჯერადი დახმარების სახით,  100 ლარი მიიღო.”დღეს, გამგეობამ სასაჩუქრე პაკეტიც გადმოგვცა, გენახათ, ბავშვები როგორი გახარებულლები იყვნენ ბავშვები ტკბილეულობა რომ ნახეს, ამ სასაჩუქრე პაკეტის გარდა, საახალწლოდ, სახლში არაფერი გვაქვს. ჩემს ირგლივ, ვხედავ, როგორ ფაციფუცობენ, ემზადებიან ახალი წლისთვის, ყველგან ზეიმია, ჩვენთან კი, მხოლოდ გაყინული კედლებია და სიცივე.”

ქალბატონი თამარი ითხოვს, უპირველეს ყოვლისა, სახლის სწრაფ რეაბილიტაციას და საცხოვრებლი პირობების გაუმჯობესებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ზუგდიდელები’’ დაუკავშირდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსს გოგი რევიას. მისი განმარტებით, გამგეობაში არსებობს ბინის დაქირავებისა და სახლების აშენების პროგრამა. „ჩვენთვის ცნობილია ჯაბუების ოჯახის მდგომრეობა. ჩვენთან იმყოფებოდა ქალბატონი თამარი და შევთავაზეთ სახლების აშენების პროგრამაში ჩართულიყო. გამგეობაში არსებობს ამ სახლების სოციალური კომისია, რომელიც მათ მდგომარეობას შეისწავლის ადგილზე. განცხადებები თებერვლის თვეში მიიღება. რაც შეეხება შეშას, ვისაც 30 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულა აქვს მას, ასლარიანი დახმარება ერიცხება, ფიზიკურად შეშას ჩვენ არ ვანაწილებთ”.- განაცხადა რევიამ.

“ზუგდიდელები” მიმართავს ყველას, ვისაც შეგიძლიათ, ჯაბუების ექვს პატარას გაუწოდეთ ხელი, უწილადეთ სითბო, მათ დღეს სჭირდებათ თქვენი თანადგომა, დღეს სჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ქვეყნად სიკეთე და სიყვარული არსებობს.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!