ჩვენი სტუმარი გახლავთ ზუგდიდის თემის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ორულუდან ლევან თოდუა.
_ ორულუში დაბადებული და გაზრდილი ვარ. პროფესიით ეკონომისტი გახლავართ, _ ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი დავამთავრე. ორი წელი საქართველოს შინაგან ჯარში ვიმსახურე. სხვადასხვა დროს ვეწეოდი სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას აქვე, ზუგდიდში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო შევწყვიტე ეს საქმე და პოლიტიკაში გადავერთე.
_ ეს რაღაც კონკრეტულ პრობლემას უკავშირდებოდა ალბათ, როგორც ხშირად ხდება...
_ მეტნაკლებად. 2009 წელს უსამართლოდ დააკავეს ერთ-ერთი ჩემი ბიზნესპარტნიორი. რაც გავაპროტესტე და ხმამაღლა განვაცხადე, რომ ეს იყო ბიზნესის დევნა. მაშინ ჩემი თანასოფლელებიც დადგნენ ჩემს გვერდით. საერთოდ, ისინი მუდამ ჩემ გვერდით დგებოდნენ. მათაც ჰქონდათ თავიანთი პრობლემები და საწუხარი. ხალხი იმასაც მეუბნებოდა, რომ სოფელში არაფერი არ კეთდებოდა და ასე გადაიზარდა ჩემი მოქმედება, ჩემი პირადი საფიქრალიდან საერთო საფიქრალამდე. ეტყობა, ჩემი აქტიურობოს გამო, 2012 წელს, გავხდი სოფლის კოორდინატორი, 2013 წელს #61 საარჩევნო უბანში საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყავი კომისიის წევრი. ამით თითქოს დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა და არც არანაირი ამბიცია არ გამჩენია, მაგრამ საინიციატივო ჯგუფმა სოფლის დეპუტატად წარმადგინა.
_ ვინ იყვნენ თქვენი ოპონენტები?
_ მამუკა წურწუმია “ქართული ოცნებიდან”, გიორგი გაბისონია”ნაციონალური მოძრაობიდან.” ჩემი სოფლის მცხოვრებლების თანადგომით ხმათა უმრავლესობით, მაღალი მაჩვენებლებით, გავიმარჯვე მე.
_ როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს თანასოფლელებს და არა მარტო მათ, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში?
_ მე მაქვს ორმაგი პასუხისმგებლობა. რადგან ვარ დამოუკიდებელი, საინიციატივო ჯგუფისა და ხალხის არჩეული. მე იმ ნდობას, რომელიც მივიღე მათგან, აუცილებლად გავამართლებ. უფრო ღრმად ვაპირებ იმ პრობლემების შესწავლას, რომელიც სოფელს აწუხებს, სოფელს სტკივა. მათ ხმას მოვიტან საკრებულომდე და ბოლომდე მივყვები.
_ რა პრობლემები აქვს თქვენს სოფელს?
_ ჩვენი სოფელი არის დაბლობი, კომუნისტების პერიოდის მერე არ ყოფილა ჩატარებული დაშრობითი სამუშაოები. მაშინ კომუნისტებს
სოფლის დაშრობა დიდი თანხა დაუჯდათ, მაგრამარ არის საკმარისი. მოსახლეობას აწუხებს ეს პრობლემა. ასევეა სოფლის საბავშო ბაღის საკითხიც. კომუნისტების დროს ვერ მოესწრო ბაღის შენობის დასრულება. ერთი ჯგუფია მარტო და ისიც ვიწროდაა. შენობაც ამორტიზირებულია, ავარიულია. ისე, როგოც დაშრობის საკითხს, ვერც ამ პრობლემას წავუყრუებ. პრობლემებია ცენტრალურ გზასთან დაკავშირებითაც, რომელიც ორ სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან. თემის გამგებელი, ბატონი ედიშერ თოლორაია დაგვპირდა რომ ამ გზას გაგვიკეთებს და იმედია, შეასრულებს პირობას.
_ ბევრი საქმე გაქვთ… რამდენად ემოციური ხართ?
_ ემოციური ვარ, მაგრამ როცა სიტუაცია მოითხოვს, არ ვერიდები ემოციებს. სათქმელს ვიტყვი, გასაკეთებელს გავაკეთებ და გვერდითაც დავიყენებ მთელ სოფელს _ არ აქვს მნიშვნელობა არჩევნებში ხმა მომცა თუ არა. ვისაც არ მოუცია ხმა, მე მასთან მეტი სამუშაო მექნება, მე მას უნდა ვუჩვენო, რომ საქმის კეთება შემიძლია, რომ უსამართლობას ვერ შევეგუები, რომ უფრო ძლიერ, ღონიერ, თანამედროვე სოფლისთვის ვიბრძოლებ, სადაც განათლებული, კულტურული ახალგაზრდებიც არ ითაკილებენ
ცხოვრებას და მოღვაწეობას.
_ ქართულ ტრადიციებს როგორ აფასებთ?
_ ყველაფერი რაც გვაქვს, რამაც გადაგვარჩინა, ეს იყო ტრადიცია, ენა _ მამული, სარწმუნოება. ტრადიციებზე აგებული ოჯახია მხოლოდ მყარი ოჯახი. მამაჩემი _ ტრისტან თოდუა, რომელიც წლების განმავლობაში ბუღალტრად მუშაობდა სოფელში და დედაჩემი_ ლიანა წურწუმია, სწორედ ტრადიციულ ოჯახში გვზრდიდნენ მე და ჩემს ძმას _ გიორგი თოდუას, რომელიც ამჟამად ბიზნესში მოღვაწეობს. მას საუკეთესო ოჯახი აქვს და ორ ქართველს ზრდის მეუღლესთან, მხატვარ თამუნა ბაღათურიასთან ერთად. მე ჯერ-ჯერობით დასაოჯახებელი ვარ.
_ რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
_ გამძლეობას, გატანას, გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას.
როზა როგავა