- ნატრული გახსოვთ, იქნებ… წლების წინ, ზუგდიდში, კავშირგაბმულობის შენობის წინ, თვეობით იდგა პატარა ქალი…
მერე სად გაქრა? ცოცხალია? იქნებ, ფოტო გაქვთ მისი… გავიხსენოთ ეს ფერადი ქალბატონი:
ნატრული ერქვა, დიახ… მთელი მისი ქონებაც, ათეულობით შავ-თეთრ პარკში გამონასკვული, იქვე ჰქონდა ერთმანეთზე შელაგებული… წვიმიან ამინდში, დიდ ცელოფანს შემოიფარებდა კარავივით – მანდვე ეძინა, მანდვე ჭამდა და სვამდა, სხვათაშორის, ხშირად ყავას – მანდვე ცხოვრობდა მოკლედ. დილიდან საღამომდე გამვლელებს ელაპარაკებოდა, – უფრო ღიმილიანი იყო, ვიდრე კაპასი. ხშირად ილოცებოდა… როგორც ამბობენ, დევნილი გახლდათ, თაგილონიდან. იმ პერიოდის ზუგდიდში ყველაზე ფერადი ქალი ნატრული იყო… წითელი ფერი უყვარდა -კაბა წითელი, პომადა წითელი, “მანიკური” წითელი, წითელთვლიანი სამკაულები, ძალიან დაბალზე შეჭრილი მეწამულისფერი თმა… ამბობდნენ, თავშესაფარს აძლევდნენ, მაგრამ ზუგდიდიდან არ გავიდა – აქ მინდა, აფხაზეთი და ჩემი სახლი აგერ აქვეაო… სასტუმრო ”ოდიშში” უნდოდაო შესახლება, მაგრამ არ შეუშვეს და პროტესტის ნიშნად სხვა შემოთავაზებაზეც უარი თქვა – ღია ცის ქვეშ ცხოვრება გადაწყვიტაო. მერე, ერთ მშვენიერ დღეს, გაქრა ნატრული… მოიკითხეს ზუგდიდელებმა და…- ”ხონში წაიყვანესო”. მოგვიანებით, ისევ გამოჩნდა – ცოტა გამხდარი და სევდიანი, თუმცა ისევ უღიმოდა გამვლელებს. მართალია, გაუბედავად, მაგრამ მაინც უღიმოდა. თითქოს… იმედგაცრუებული და განხიბლული, უნდო იყო. მერე ისევ გაქრა… გაქრა და გაქრა მისი ქონება – პარკებითურთ… იქნებ, იცით ვინ იყო… ან სად გაქრა? ცოცხალია?
ქალაქის ისტორიას, არქივებზე მეტად, ხალხი ინახავს თავის მეხსიერებაში. ნატრული იყო ჩვენი ქალაქის ისტორიის ერთი ფურცელი თუ არა, ერთი სტრიქონი მაინც, ამ ფურცელზე სევდით დაწერილი.
პ.ს. ფოტო პირობითია და ხელოვნურ ინტელექტს ეკუთვნის.
პ.ს. მოგვწერეთ იმ ადამიანებზე, ვინც ემოციურად შემორჩა თქვენს მეხსიერებას…
