- შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები არაგეგმური პრაქტიკული გამოცდები მხოლოდ შაბათ დღეს ჩატარდება, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოქალაქეები მხოლოდ გეგმური გამოცდით ისარგებლებენ.
როგორც სააგენტოს გავრფცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, ცვლილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებითა და სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ამოქმედდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.
ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს.”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
