- დღეს, 31 მარტს, საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გახსნა. საპრეზიდენტო ცენტრი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კალანდიამ გახსნეს.
თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა მოიცავს სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებსა და საფონდო სივრცეებს, სარესტავრაციო ლაბორატორიებს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა – “თანამედროვე ქართული ხელოვნება”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XX საუკუნის ქართული ფერწერის კოლექცია. ექსპონატებს შორისაა ელენე ახვლედიანის, გივი თოიძის, ლადო გუდიაშვილისა და ედმონდ კალანდაძის ნამუშევრები.

ასევე, გაიმართა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია – “ზვიად გამსახურდია: მებრძოლი სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, მომავლის მოღვაწე“.
