- 31 მარტს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში გიწვევთ გამოფენის გახსნაზე – “თანამედროვე ქართული ხელოვნება დადიანების სასახლეების კოლექციებიდან” და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექციაზე: “ზვიად გამსახურდია, მებრძოლი სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, მომავლის მოღვაწე.”
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XX საუკუნის ქართული ფერწერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექცია.
“კოლექცია ასახავს ქართული მხატვრობის განვითარებას სხვადასხვა თაობისა და მიმდინარეობების მიხედვით. აქ თავმოყრილია როგორც კლასიკური, ისე მოდერნისტული მხატვრობის წარმომადგენელთა ნამუშევრები – ელენე ახვლედიანის ლირიკული, ქალაქური პეიზაჟებიდან და გივი თოიძის ისტორიულ-დოკუმენტური ხედვებიდან დაწყებული, თანამედროვე ავტორთა ინტერპრეტაციებით დასრულებული.
კოლექციაში გამორჩეული ადგილი უკავია ელენე ახვლედიანს, რომლის შემოქმედება ქართულ ქალაქს, პოეტურ სახეს სძენს და ევროპული მოდერნიზმის გავლენებს, ადგილობრივ ტრადიციებთან აერთიანებს.
კოლექციაში ასევე წარმოდგენილია ლადო გუდიაშვილი, ედმონდ კალანდაძე, გივი თოიძე და სხვა მნიშვნელოვანი მხატვრები, რომელთა ნამუშევრები ერთობლივად ქმნიან მრავალფეროვან სურათს XX საუკუნის ქართული ფერწერის ევოლუციაზე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოფენა გაიხსნება 14:00 საათზე.
საჯარო ლექცია დაიწყება 15:00 საათზე.




