- ნოჯიხევში, ჭითაწყარსა და მუხურში, სოფლის ახალი ამბულატორიები გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულებები, ჩხოროწყუს, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების, 15 სოფლის მოსახლეობას ემსახურება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამბულატორიებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ, ქვეყანაში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის წარმატებულ რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
უწყების ცნობით, ამბულატორიები დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარით.
მიხეილ სარჯველაძე, ნოჯიხევში, ჭითაწყარსა და მუხურში, პაციენტებსაც შეხვდა და მათთან ერთად, სამედიცინო საკითხები და საჭიროებები განიხილა. მისი განცხადებით, სოფლებში, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა უწყების პრიორიტეტია.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ: სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.




