- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ია.
ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ინფორმაციით, კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. მისი თქმით, ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებელი ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას და საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.