ჯონი შენგელია: პროფესიონალს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს


  • “ზუგდიდელების” სტუმარია ჯონი შენგელია, სტომატოლოგი – კბილის ტექნიკოსი 14 წლიანი მუშაობის გამოცდილებით.

ჯონი შენგელია: – მეთერთმეტე კლასში ვიქნებოდი, როცა დედაჩემს გაუტყდა კბილის პროთეზი. ვხედავდი, როგორ  წვალობდა. შემდეგ, მისმა ურთიერთობებმა სტომატოლოგებთან დამაინტერესა. ვაკვირდებოდი ექიმების მუშაობას, როგორ ხდებოდა  პირის ღრუს დამუშავება – ტკივილის დაყუჩება, მკურნალობა, დაბჟენა, კბილის ამოღება, ახლის ჩასმა, ღრძილების მკურნალობა. ზოგადად, სტომატოლოგიური პროცესები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. გადავწყვიტე, შემესწავლა ეს პროფესია საფუძვლიანად და დავხმარებოდი უამრავ ადამიანს.

– ბევრი მადლიერი პაციენტი გყავთ…

 -2011 წლიდან ვარ ამ სფეროში, –  მაქვს 14 წლიანი გამოცდილება. 14 წლის განმავლობაში არაერთი მადლიერი პაციენტი მყავს. ამ შედეგამდე მოსვლას დიდი ენერგია, ძალისხმევა და სწავლა დასჭირდა. მე, ძირითადად, კბილის პროთეზირებაზე ვმუშაობ. კბილის პროთეზი სხვადასხვა სახისაა –  ნებისმიერი მათგანის დამზადებისას, ყოველი დეტალი მოითხოვს ყურადღებას, სიზუსტეს. შეცდომის დაშვება შეუძლებელია. პაციენტს უნდა აუხსნა, ასწავლო, როგორ მოიხმაროს, როგორ მოუაროს პროთეზს, პირის ღრუს – პროთეზირება მის ცხოვრებაში ცვლილებას იწვევს და ვალდებული ვარ ავუხსნა, განვუმარტო, როგორ შეეგუოს მას. სწორედ დიდი გულისხმიერების, თავდაუზოგავი შრომის, პაციენტთან სწორი კომუნიკაციის შემდეგ ხდება პროთეზი იდეალური და პაციენტიც რჩება კმაყოფილი. ეს კი მაძლევს მოტივაციას კვლავაც ვაკეთო ჩემი საქმე ღირსეულად და ვასიამოვნო პაციენტებსაც.

 – პირველი პაციენტი და პირველი ემოცია თუ გახსოვთ, როცა დამოუკიდებლად შეუდექით მუშაობას?

– რა თქმა უნდა… ემოციებით  ვიყავი დატვირთული. კიდეც მიხაროდა რომ დამოუკიდებლად ვმუშაობდი და თან ვგრძნობდი უდიდეს პასუხისმგებლობას  პაციენტისადმი, რომ ყველაფერი გამეკეთებინა სუფთად და ხარისხიანად.

– ოჯახზე მოგვიყევით.

– მეუღლე ანა ფარჯიკია გახლავთ. გვყავს ორი ბიჭი დემეტრე და თომა. დაოჯახებამდე ჯერ ნიშნობა გვქონდა 2021 წლის ნოემბერში. ოფიციალურად დავქორწინდით 2022 წლის თებერვალში.

რა არის ის, რაზეც დგას ოჯახის სიმტკიცე?

-პირველ რიგში, ოჯახში მთავარია ურთიერთგაგება, ურთიერთმხარდაჭერა, პატივისცემა და ნდობა. ეს ოთხივე კომპონენტი ერობრიობაში, არის სიყვარული. თუ ეს არ არსებობს  ოჯახურ ურთიერთობაში, იქ არაფერი გამოვა, არ იქნება სრულფასოვანი ოჯახი.

როდესაც აზრთა სხვადასხვაობაა ოჯახში, კომპრომისზე რომელი მიდიხართ თქვენ თუ თქვენი მეუღლე?

– გააჩნია რა საკითხი იქნება და რა სიტუაცია. ჩვენს შორის არასოდეს არ დამდგარა დათმობის საკითხი. ჩვენ იმდენად ვუგებთ ერთმანეთს, ყოველთვის ერთად ვწყვეტთ და ვაგვარებთ ყველანაირ საკითხს. ჩემი მთელი დღის ძალას და ენერგიას მეუღლე და ბავშვები მმატებენ.

– თქვენთვის განტვირთვის საშუალება რა არის?

– ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა. გართობა. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მიყვარს მანქანების მოვლა. გაწმენდა, შეკეთება. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, თითქოს ვისვენებ, ერთგვარი განტვირთვაა ჩემთვის.

რას ვერ აპატიებთ ადამიანს?

 – ადამიანს ვერასოდეს და ვერანაირად ვერ ვაპატიებ ტყუილს და ღალატს. არააქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ახლო მეგობარი, ნათესავი, თუ ოჯახის წევრი.

რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

– ჩვენს საყვარელ ზუგდიდელებს ვუსურვებ ღვთის წყალობას, ყველა სურვილისა, თუ მიზნის ასრულებას. ყოველი გათენებული დღე ყოფილიყოს მშვიდობიანი და ნაყოფიერი. მიყვარს ჩემი ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდელები!

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!